ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მნიშვნელობა

თინა ბურჯალიანი
0 კომენტარი

2016 წლის 14 ივნისს, თითქმის სამწლიანი განხილვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე ეხება 2013 წლის მაისში მერაბიშვილის დაკავებას და მის რვათვიან წინასწარ პატიმრობას.

საქმის განმხილველმა შვიდივე მოსამართლემ ერთხმად დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მერაბიშვილის უფლებები დაარღვია, ვინაიდან მისი დაპატიმრების რეალური მოტივი არა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, არამედ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამხილებელი ჩვენების და მისი ფარული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის იძულებით მიღება იყო. ღამით საკნიდან გაყვანისა და იძულების შესახებ მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განაცხადა და ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. ევროსასამართლოს შეფასებით, მერაბიშვილის განცხადებას არ მოჰყვა სათანადო გამოძიება, მასში სავარაუდოდ მონაწილე მაღალჩინოსნების დაკითხვა და დამნაშავეების დასჯა.

ევროსასამართლომ, ასევე, დაუსაბუთებლად ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მერაბიშვილს უარი ეთქვა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა მისი უფლებები. ამასთან, ევროსასამართლომ კონვენციის შესაბამისად მიიჩნია წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების 2013 წლის 22 და 25 მაისის გადაწყვეტილებები.

წინასწარი პატიმრობის დასაბუთებულობა ქართული მართლმსაჯულების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მხარეა, რის გამოც ევროსასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა. მერაბიშვილის საქმე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლება მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის და ყოფილი პრემიერმინისტრის არამართლზომიერი მიზნით დაკავებაში ამხილა.

არამართლზომიერი მოტივით პირის დაკავებისათვის კონვენციის დარღვევა ევროსასამართლომ მხოლოდ ექვს საქმეში დაადგინა. ამ ექვსიდან, პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების უკანონო მოტივს ეხება სამი საქმე: ტიმოშენკო უკრაინის წინააღმდეგ, ლუცენკო უკრაინის წინააღმდეგ და მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ. დარჩენილი სამი საქმიდან ერთი, რასულ ჯაფაროვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა აქტივისტის დაპატიმრებას ეხება, მეორე, ჩებოტარი მოლდოვის წინააღმდეგ - სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელის, ხოლო მესამე, გუსინსკი რუსეთის წინააღმდეგ - მედიამფლობელის დაპატიმრებას. ფორმალური სტატუსის მიუხედავად, აშკარაა, რომ ექვსივე საქმის განმცხადებელს აქტიური შეხება ჰქონდა პოლიტიკურ ცხოვრებასთან.

ერთია, როდესაც სახელმწიფო ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს გაუმართავი კანონმდებლობის, მავნე პრაქტიკის ან არასათანადოდ მომზადებული პროკურორებისა თუ მოსამართლეების გამო. მეორეა, როდესაც სახელმწიფო განზრახ ბოროტად იყენებს მისთვის მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და სისხლისსამართლებრივ სისტემას. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება განასხვავებს მერაბიშვილის საქმეს ევროსასამართლოს მიერ განხილული სხვა ქართული საქმეებისგან და ამსგავსებს ლუცენკოს, ტიმოშენკოსა და მამადოვის საქმეებს. ასეთ დარღვევებს მძიმე სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები აქვს. მაგალითად, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისა და თანამდევი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, პატიმრობიდან შეწყალებით გაათავისუფლა იური ლუცენკო. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის რადამ ევრომაიდნის დღეებში ასევე გაათავისუფლა იულია ტიმოშენკო. ერთადერთი, ვინც დღემდე პატიმრობაში რჩება, აზერბაიჯანელი ილგარ მამადოვია. ადამიანის უფლებათა დამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები ითხოვენ ილგარ მამადოვის გათავისუფლებას. მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება რეზოლუციით მოითხოვა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმაც, რომელიც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას უწევს ზედამხედველობას. დანარჩენები, ვლადიმერ გუსინსკი, მიჰაილ ჩებოტარი და რასულ ჯაფაროვი ევროსასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების გამოტანამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. 

ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულებასა და ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე სწორედ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი იმსჯელებს.

მინისტრთა კომიტეტს საქმე აღსასრულებლად გადაეცემა მისი ძალაში შესვლის შემდეგ. ევროსასამართლოს პალატის გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადებიდან სამი თვის თავზე, თუ მხარემ ის არ გაასაჩივრა დიდ პალატაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ვანო მერაბიშვილის საქმეს დიდ პალატაში გაასაჩივრებს. დიდი პალატის ხუთი მოსამართლის კოლეგია გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა საჩივარი განსახილველად. დიდი პალატა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იხილავს მხარის საჩივარს და საქართველოს მთავრობას გაუჭირდება მერაბიშვილის საქმეში ასეთი საფუძვლის მოძებნა. უდავოა, რომ გასაჩივრებით ხელისუფლება მინისტრთა კომიტეტის მიერ საქმის აღსრულების დაყოვნებას გეგმავს. ამისდა მიუხედავად, ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება მანამ, სანამ მერაბიშვილი და სხვა პოლიტიკური ოპონენტები საპატიმროებს არ დატოვებენ და მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური ზეგავლენებისაგან არ გათავისუფლდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები