ლარის გაუფასურება

ქუმსიშვილი: სამწუხაროდ დოლარს ყველაზე მაღალ კურსზე ყიდულობენ, დაბალზე კი ყიდიან

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა უცხოურ ვალუტას "ყველაზე მაღალ კურსზე როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე როგორც წესი ყიდის ხოლმე" - ეს კი წამგებიან სავალუტო ოპერაციას წარმოადგენს და ბაზარზე კურსის მერყეობას უწყობს ხელს. ქუმსიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მათ სავალუტო ოპერაციები განახორციელონ მაშინ როდესაც ამის აუცილებლობაა. ქუმსიშვილი დღეისთვის არსებულ გაუფასურებას კომპანიების მიერ გაკეთებულ ერთჯერად მსხვილ ტრანზაქციებს უკავშირებს.

"ბაზარს ნამდვილად თვალს ვადევნებთ, ერთის მხრივ ეს არის ერთჯერადი ტრანზაქციები, ანუ ერთჯერადი მსხვილი მოთხოვნები არის. მეორეს მხრივ მე მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ჩვეულებრივ მოსახლეობას, ვისაც არ აქვს სპეციალური ცოდნები უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით ძალიან გთხოვთ იყიდეთ მაშინ როცა გჭირდებათ და გაყიდეთ მაშინ როცა გჭირდებათ. არ შეიქმნათ არასწორი მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი, რომ სამწუხაროდ მოსახლეობა ყოველთვის აკეთებს პირიქით, ანუ ყველაზე მაღალ კურსზე როგორც წესი ყიდულობს ხოლმე და ყველაზე დაბალ კურსზე როგორც წესი ყიდის ხოლმე. მოვლენა რომელიც ახლა გვაქვს ერთჯერადია და ის ჩადგება თავის კალაპორტში. მაგრამ მინდა რომ ეს გზავნილი მივიდეს მოსახლეობამდე."- ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონის ოფიციალური შედეგებით, გაუფასურებამ დოლართან მიმართებით 1.9 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი, 4.9 თეთრი. 1 აშშ დოლარი 2.2431 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 2.5603 ლარი. წინა ოფიციალური კურსით, 1 დოლარის ფასი 2.2240 ლარი იყო, 1 ევროსი კი -2.5111. ერთი კვირის წინ ერთი დოლარის ღირებულება 2.1322 ლარს შეადგენდა.

კომენტარები