Brexit

ხმები დათვლილია - ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლას ირჩევს

დიდ ბრიტანეთში ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა ხმები უკვე სრულად დათვლილია. მონაწილეთა 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, 48.1%-მა დარჩენას.

რეფერენდუმში გაერთიანებული სამეფოს 46 501 241 მოქალაქეს შეეძლო მონაწილეობა. მონაწილეთა აქტივობამ 72.2% შეადგინა.

გაერთიანებული სამეფოდან ინგლისმა ევროკავშირიდან გასვლას 53.4%-ით დაუჭირა მხარი, ჩრდილოეთ ირლანდიამ ევროგაერთიანებაში დარჩენა აირჩია და ხმათა უმრავლესობა, 55.8% სწორედ ამ არჩევანს მისცა. შოტლანდიაშიც ევროკავშირში ყოფნა აირჩიეს 62%-ით, უელსში კი ალიანსიდან გასვლა 52.5%-ით. შედეგი ინგლისის ამომრჩეველთა სიჭარბემ განაპირობა.
 

რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, დოლართან მიმართებით გირვანქა სტერლინგი 10%-ით გაუფასურდა. ფუნტმა დოლართან მიმართებით 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაუყოვნებლივ ვერ დატოვებს. ამ პროცესს წლები დასჭირდება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 43 წლის განმავლობაში იყო.

რეფერენდუმის ჩატარება კონსერვატიული პარტიის 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. დევიდ კამერონი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას დაპირდა.

დიდ ბრიტანეთში ელიან, რომ პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი პოსტს დატოვებს, რადგან ის ქვეყნის ევროგაერთიანებაში დარჩენას აქტიურად ლობირებდა.

კომენტარები