ვანო მერაბიშვილის საქმე

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილს კითხავენ

Reuters

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს კითხავენ. მასთან კითხვები 2014 წლის დეკემბერში საკნიდან გაყვანის საქმეზე აქვთ. 

"ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ვანო მერაბიშვილი მისცემს ჩვენებას. ეს მან ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც ღია სასამართლო სხდომაზე დეტალებში აღწერა გაყვანის ეპიზოდი," - ამბობს ადვოკატი ოთარ კახიძე.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. 

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

კომენტარები