Brexit

ობამა BREXIT-ზე: ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არ შეიცვლება

Reuters

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები არ შეცვლის აშშ-სა და ბრიტანეთს შორის არსებულ „განსაკუთრებულ ურთიერთობას". ბარაკ ობამამ 23 ივნისის რეფერენდუმსა და მის შედეგებზე სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას ისაუბრა.

„რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერმინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია. ჩვენი საუბარიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, დიდი პრიტანეთი მზადაა, ევროკავშირიდან ორგანიზებულად გამოვიდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური ჯგუფები მჭირდო კონტაქტს შეინარჩუნებენ. ჩვენ ფოკუსირებული ვრჩებით იმაზე, რომ უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა და ფინანსური სტაბილურობა. ვესაუბრე გერმანიის კანცლერსაც. ვთანხმდებით, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში მჭიროდ ითანამშრომლებენ. ვფიქრობ, რეფერენდუმი მიგვითითებს გლობალიზაციისას მიმდინარე ცვლილებებსა და გამოწვევებზე. იცვლება დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა ევროკავშირთან, მაგრამ რაც უცვლელი დარჩება, არის ჩვენი ორი ქვეყანის განსაკუთრებული ურთიერთობა - ეს გაგრძელდება. ევროკავშირი რჩება ჩვენს ერთერთ შეუცვლელ პარტნიორად, ნატოს ალიანსი კი - გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედად", - თქვა ბარაკ ობამამ.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

კომენტარები