კათოლიკე ეკლესია

პაპი სომხეთშია - წირვის ბოლოს მან საქართველოდან ჩასულებს მადლობა გადაუხადა

პაპი ფრანცისკე სომხეთში
L'Osservatore Romano

რომის კათოლიკე ეკლესიის მეთაური სომხეთშია. პაპმა ფრანცისკემ დღეს გიუმრიში წირვა აღასრულა, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის იერარქებთან ერთად, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პატრიარქ-კათოლიკოსი, გარეგინ მეორე და ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ჯუზეპე პაზოტოც დაესწრნენ.

"მსურს გადაგიხადოთ მადლობა ყველა დამსწრეს, მათ შორის, ვინც გიუმრიში სხვადასხვა რეგიონიდან და მეზობელი საქართველოდან ჩამოვიდა. მსურს ასევე მივესალმო მათ, რომლებიც დიდსულოვნად და კონკრეტული სიყვარულით ეხმარება გაჭირვებულთ", - განაცხადა ფრანცისკემ წირვის დასრულების შემდეგ.

წირვის დაწყებამდე, მან, ერევანში, 1915 წლის ტრაგიკული მოვლენების მემორიალს პატივი მიაგო. ფრანცისკე მას სომეხთა გენოციდად მოიხსენიებს.

სომხეთში პაპის ვიზიტი გუშინ, 24 ივნისს დაიწყო. ეს ქვეყანაში რომის ეპისკოპოსის მეორე ვიზიტია. პაპი იოანე პავლე მეორე სომხეთში 2001 წლის სექტემბერში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეზე იმყოფებოდა.

სამოციქულო ვიზიტის პირველ დღეს, პაპი პატრიარქ-კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში მიიპატიჟა. ტაძარში პაპის შესვლისას ზარები დარეკეს და პონტიფექსი საკურთხეველში შეიპატიჟეს, სადაც ორი ეკლესიის მეთაურმა ერთობლივად ილოცა.

პაპი ფრანცისკე საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტს, 30 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე გეგმავს.

მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთმა მღვდელმა ქადაგება წარმოთქვა. მღვდელმა დავით ისაკაძემ განაცხადა, რომ "პაპი ეშმაკის მსახურზე უარესია" და "ის კომედიანტმა პრეზიდენტმა მოიწვია".

მიუხედავად იმისა, რომ პაპის მომწვევთა შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, ისაკაძე ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ პონტიფექსის საქართველოში ჩამოსვლას არ დაუშვებს ან "სამარცხვინოდ დაამთავრებს".

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ტაბულას განუცხადა, რომ პაპის მოწვევის ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნოდა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქმა მოწვევა პროტოკოლის გათვალისწინებით გაგზავნა.

დეკანოზმა ბოტკოველმა, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს, ტაბულასთან საუბარში პაპთან დაკავშირებით მღვდელი დავით ისაკაძის ქადაგებას "მისი სუბიექტური აზრი" უწოდა და არ დაეთანხმა.

1999 წელს საქართველოს პაპი იოანე პავლე მეორე ეწვია, რომელსაც აეროპორტში პრეზიდენტი შევარდნაძე და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდნენ. დღეს უკვე წმინდანად შერაცხულმა პაპმა სიტყვა ქართულ ენაზე დაასრულა, სიტყვებით: "ღმერთმა დალოცოს საქართველოს მიწა, უმრავლოს მას საამაყო შვილები".

 

კომენტარები