ქალები პოლიტიკაში

მოსახლეობის აზრი: ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

ანა სარალიძე
0 კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ქალები, დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 53% არიან, ისინი საქართველოს პარლამენტის წევრების მხოლოდ 11%-ს შეადგენენ, მინისტრთა კაბინეტში – 21%-ს, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში – 10%-ს. როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისა და გენდერული კვოტის შემოღების მიმართ? – 2014 წლის ოქტომბერში CRRC-საქართველომ სწორედ ამ საკითხების შესახებ ჩაატარა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისთვის (NDI).

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისადმი, უმეტესად, წინააღმდეგობრივია.

მოსახლეობის აზრით, ფაქტორები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ქალების პოლიტიკაში ჩართვას საქართველოში, არის ოჯახური ვალდებულებები (დასახელდა მოსახლეობის 28%-ის მიერ), არასაკმარისი გამოცდილება (18%) და არასაკმარისი განათლება (16%). 76% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში არჩევნების დროს მოსახლეობა მამაკაც კანდიდატებს უფრო აძლევს ხმას, ვიდრე ქალ კანდიდატებს.

მოსახლეობის 68% აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით სავალდებულო კვოტის შემოღებას. ასეთი კვოტის შემოღებას არ უჭერს მხარს მხოლოდ 14%. მიუხედავად ამისა, პასუხები კითხვაზე: - ”თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში?”, ასე განაწილდა:

მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქალებისა და კაცების თანაბარ გადანაწილებას პარლამენტში.

კითხვაზე, “თანაბარი მონაცემების მქონე ქალი და კაცი კანდიდატის შემთხვევაში რომელს დაუჭერდით მხარს საპარლამენტო არჩევნებში – კაცს თუ ქალს?” – 34% პასუხობს, რომ კაცს დაუჭერდა მხარს, 15% – ქალს, 48%-ისთვის კი კანდიდატის სქესს მნიშვნელობა არ ექნებოდა.

გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ქალისადმი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირისადმი, სკეპტიკური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 67%-ს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში მეტი კვალიფიციური ქალი პოლიტიკოსი იყოს, კონკრეტულ შემთხვევებში უმრავლესობას ამავდროულად მიაჩნია, რომ კაცი პოლიტიკოსები უკეთ იმუშავებენ, როგორც მაღალი თანამდებობის პირები. კითხვაზე - ”ვინ იმუშავებს უკეთ პრეზიდენტის პოზიციაზე - ქალი, კაცი თუ ორივე ერთნაირად?”, 40%-მა უპასუხა, რომ ორივე ერთნაირად, ხოლო 53%-მა – რომ კაცი უკეთ იმუშავებს და მხოლოდ 5%-მა უპასუხა, რომ ქალი უკეთ იმუშავებს პრეზიდენტის პოზიციაზე. მსგავსი შედეგებია ანალოგიურ კითხვაზე სხვა თანამდებობების შესახებ.

ქართული საზოგადოება საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროების გენდერიზაციას ახდენს, ანუ “ქალის” და “კაცის” სფეროებად ჰყოფს მათ. კითხვაზე: ”ვინ მოაგვარებს სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხს უკეთ, ქალი პოლიტიკოსი, კაცი პოლიტიკოსი თუ ორივე ერთნაირად?”, - ისეთი საკითხების შემთხვევაში, როგორებიცაა ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთთან ურთიერთობა და სოფლის მეურნეობა, კაც პოლიტიკოსებს ენიჭება უპირატესობა. რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, ამ სფეროში ქალმა მოიპოვა უპირატესობა, რადგან ფართოდ გავრცელებული შეხედულებების მიხედვით, განათლების სფერო ქალებისთვის უფრო რელევანტურია.

აღნიშნული გამოკითხვის შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ქალებისა და მამაკაცების პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ არათანმიმდევრულია. ერთი მხრივ, საზოგადოების დიდი ნაწილი პარლამენტში ქალების რაოდენობის გაზრდის მიზნით გენდერული კვოტის შემოღებას უჭერს მხარს, თუმცა დაფიქსირდა სკეპტიკური დამოკიდებულება ქალი პოლიტიკოსების მიმართ. როგორც ჩანს, საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სტერეოტიპულად უდგება ქალების საჯარო სფეროში, კონკრეტულად კი, პოლიტიკაში ჩართულობას, რაც შესაძლოა, მათი პოლიტიკაში სრულყოფილად ჩართულობის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები