სამართალდარღვევა

შემოქმედის ეპარქია: არქიმანდრიტი პატრულს არ უცემია, მექანიკური დაზიანება მოხდა

რუსთავი 2

შემოქმედის ეპარქია მამა გაბრიელ კახელაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ეპარქიაში თვლიან, რომ მღვდელი გაბრიელი პატრულის თანამშრომლებს არ უცემიათ, უბრალოდ მექანიკური დაზიანება მოხდა, მაშინ როცა პატრულის თანამშრომლები სასულიერო პირის მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ. 

"საქმე იმაში არის რომ მამა გაბრიელი მართლაც გადაადგილდებდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნასვამ მდგომარეობში, მაგრამ ეს არ იყო ალკოჰოლური თრობა,უბრალოდ მიღებული ალკოჰოლის ოდენობა აღემატებოდა კანონთ გათვალისწინებულ ნორმებს. გადაადგილების დროს გააჩერა საპატრულო ეკიპაჟმა და მოსთხოვა ალკოჰოლური თრობის ტესტის გავლა, მამაომ განუმატა მათ, რომ მას ქონდა მიღებული სასმელი. საპატრულო პოლიციის მხრიდან მოთხოვნილი იქნა ავტომობილის ჩამორთმევა რაზეც მამაომ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ არ არსებობდა ამის სამართლებრივი საფუძველი, რადგან მისი თრობის დონე არ უშლიდა ხელს ავტომობილის მართვაში და არ უქმნიდა საფრთხეს ავტოსაგზაო მოძრაობაში მონაწილე პირებს.რაც შეეხება მიღებულ დაზიანებას კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პატრულის მხრიდან ადგილი არ ქონია ფიზიკურ შეხებას და მით უმეტეს ცემის ფაქტს, უბრალოდ გადაყვანის დროს მოხდა მექანიკური დაზიანება, კერძოდ მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც გამოიწვია სისხლდენა.", - წერს ეპარქია სპეციალურ განცხადებაში. 

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი საპატრულო პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებს. პატრულმა ის მანქანის მართვის დროს გააჩერა. სამართალდამცავთა ინფორმაციით, სასულიერო პირი საჭესთან ნასვამი იჯდა.„ორი ჭიქა არაყი მქონდა დალეული. გამაჩერა ბატონმა უფროსმა ლეიტენანტმა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა", - ამბობს გაბრიელ კახელიშვილი კურიერთან საუბარში. მისივე მტკიცებით, ჯერ ოთხმა, შემდეგ კი დანარჩენმა პოლიციელებმაც სცემეს.შსს ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა, როდესაც ის საპატრულო ეკიპაჟის მანქანით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით განყოფილებაში გადაჰყავდათ. სასულიერო პირის განყოფილებაში გადაყვანა კი, შსს-ს ცნობით, იმიტომ გახდა საჭრო, რომ ის პოლიციას აგრესიულად ექცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

კომენტარები