ლიონელ მესი სანაკრებო კარიერას ასრულებს

Reuters

Copa America-ს ფინალის წაგების შემდეგ, არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.

"ეს ჩემთვის არ არის. ჩემი ეროვნულ ნაკრებში თამაში დასრულდა. მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, თუმცა, ძალიან მტკივნეულია, როდესაც ჩემპიონი ვერ ხდები. მე ეს ვერ შევძელი", – თქვა მესიმ.

Copa America-ს ფინალში, ჩილეს ნაკრებთან გამართულ მატჩში, ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ააცილა, არადა, შესაძლოა, ამ პენალტს თამაშის ბედი გადაეწყვიტა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 0-0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, ჩილეს ნაკრებმა ანგარიშით 4-2 გაიმარჯვა.

ლიონელ მესისთვის, არგენტინის ნაკრებთან ერთად, ეს ზედიზედ მეოთხე წაგებული ფინალია. გასულ წელს ის Copa America-ს ფინალში ასევე ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი, მესის არგენტინამ ფინალი გერმანიასთან დათმო. Copa America-ს ფინალში მესი 2007 წელსაც დამარცხდა. მისი ერთადერთი სანაკრებო ტიტული 2008 წელს მოპოვებული ოლიმპიური ჩემპიონობაა. მესი ნაკრებში 2005 წელს, 18 წლის ასაკში მიიწვიეს. მას შემდეგ, მან ნაკრების მაისურით 112 მატჩი ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა, რაც არგენტინის ნაკრების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ESPN-ის ინფორმაციით, მესისთან ერთად ნაკრების დატოვებაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი, სერხიო აგუერო, ხავიერ მაშერანო, გონსალო იგუაინი და ანხელ დიმარია ფიქრობენ, თუმცა, მათ ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ.

მსოფლიოს 5-გზის საუკეთესო ფეხბურთელს ბარსელონასთან ერთად 28 ტიტული დაუგროვდა. არგენტინის ნაკრებთან ერთად კი, მხოლოდ ერთი.

კომენტარები