ავიაცია

დღეს თბილისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

facebook.com/KvirikashviliOfficial

დღეს თბილისის აეროპორტთან ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. ახალი ტერმინალი 2017 წლის ბოლოს შევა ექსპლოატაციაში და ის ჩამოსულ მგზავრებს მოემსახურება. პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის აეროპორტს წელიწადში 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება.

მშენებლობაზე კომპანია TAV Georgia დაახლოებით $60 მილიონს დახარჯავს. ახალი აეროპორტის აშენების ვალდებულება კომპანიას საქართველოს მთავარობასთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით გაუჩნდა, ხელშეკრულების პირობებით, იმ შემთხვევაში თუ წლის მანძილზე თბილისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 1.8 მილიონს გადააჭარბებდა კომპანიას ახალი ტერმინალის მშენებლობის ვალდებულება უჩნდებოდა.

ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყებას საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, მისი თქმით, ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები. ამიტომ, TAV Georgia იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500-მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.

TAV Georgia Tav Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ფრანგ პარტნიორთან ADP-სთან ერთად 40-მდე აეროპორტს მართავს.

კომენტარები