ავიაცია

მაჭავარიანი: ახალი ტერმინალის მშენებლობას სააკაშვილმა 2005 წელს მოაწერა ხელი

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, თბილისის აეროპორტთან ახალი ტერმინალის მშენებლობა ჯერ კიდევ 2005 წელს, მიხეილ სააკაშვილსა და თურქულ მხარეს შორის დადებული კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. მაჭავარიანი ამბობს, რომ ამავე კონტრაქტში მეორე საფრენი ზოლის მშენებლობაც იყო ჩადებული და "გასარკვევია, რის გამო მოხდა ამ პროექტის  დღის წესრიგიდან ამოღება“.

"დღევანდელი მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ აქცევს სათანადო ყურადღებას. პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას, ეს ჯერ კიდევ 2005 წელს, სწორედ იმ დაწუნებულ კონტრაქტში იდო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა და თურქული მხარის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ჯერ კიდევ 2005 წელს ჩვენ ჩავდეთ კონტრაქტში, რომ მგზავრთა ნაკადის ზრდასთან ერთად, როდესაც ის მიაღწევდა 1 მლნ. 800 ათასს, უნდა აშენებულიყო ახალი ტერმინალი. ამიტომ, რასაც მთავრობა ამბობს, არის ტყუილი, რომ ვადაზე ადრე და კეთილი ნებით შენდება.  პირიქით, ეს არის ტყუილი, ეს იდო კონტრაქტში და კონტრაქტის ვალდებულებით, მთავრობა იძულებულია, სწორედ მათი დაწუნებული კონტრაქტით თურქულმა მხარემ ააშენოს ახალი ტერმინალი ვინაიდან, ძველი ტერმინალი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდის. ამ კონტრაქტში კიდევ ერთი პირობა იყო ჩადებული, რაც  სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ არ განახორციელა - ეს იყო მეორე ასაფრენი ზოლის მშენებლობა და ესეც გასარკვევია, რის გამო მოხდა ამ პროექტის  დღის წესრიგიდან ამოღება“,- ამბობს მაჭავარიანი.

დღეს თბილისის აეროპორტთან ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო. ახალი ტერმინალი 2017 წლის ბოლოს შევა ექსპლოატაციაში და ის ჩამოსულ მგზავრებს მოემსახურება. პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის აეროპორტს წელიწადში 3.5 მილიონი მგზავრის მომსახურება შეეძლება.

კომენტარები