პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტმა ანა დოლიძე საპარლამენტო მდივნად დანიშნა

გიორგი მარგველაშვილი
report.az

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დოლიძის პირველი დავალება პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას უკავშირდება. დღესვე, პრეზიდენტმა პარლამენტს ნანა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები ხელმეორედ წარუდგინა. 

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე თვის წინ წარვადგინე სამი მოსამართლის კანდიდატურა პარლამენტში დასამატკიცებლად. მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემ მიერ წარდგენილი კანდიდატურები.  ეს არის განსაკუთრებულად პრობლემური იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ, ჩემ მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი - თამარ ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ანა დოლიძე არიან უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები და პარლამენტში არც ერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ეს კანდიდატურები დამტკიცებულიყო. ამასთან, განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია იმიტომ, რომ მოსამართლეები არ არიან.  მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პარლამენტს მხედველობაში მიიღოს ეს ვითარება და ჩემს მიერ კანდიდატურებზე სერიოზულად იმსჯელოს. მაშინ გავაკეთე განცხადება, რომ მომავალთან დაკავშირებით მივიღებდით გადაწყვეტილებას ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატურასთან კონსულტაციების გზით. ჩვენ გავმართეთ კონსულტაცია და დღეს მე ხელახლა, იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მე გამაჩნია, წარვადგენ ქალბატონ თამარ ლალიაშვილს და ნონა თოდუას კანდიდატურებს, ეს არის მათთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილება და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი მზაობა, მხარი დავუჭირო ამ კანდიდატურებს, კიდევ უფრო განმტკიცებულია არსებული პროცესიდან გამომდინარე. ქალბატონ ანა დოლიძესთან ერთად ჩვენ ვიმსჯელეთ მომავლის თაობაზე და მინდა ჩავაყენო საზოგადოება საქმის კურსში - საპარლამენტო მდივნის ფუნქციას ჩვენთან იკისრებს ანა დოლიძე.  მისი პირველივე დავალება და საქმიანობა დაკავშირებულია მოსამართლეების დამტკიცებასთან. ქალბატონი ანა ახლა უკვე შეეცდება დაარწმუნოს დეპუტატები იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება “,- განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ კანდიდატურებზე გადაწყვეტილებას მე-8 მოწვევის პარლამენტი მიიღებს.

კომენტარები