Brexit

ნუ დაპანიკდებით ბრექსიტის გამო

ჩემო ძვირფასო ბრიტანელო მეგობრებო, 

გთხოვთ, ნუ დაპანიკდებით ბრექსიტის გამო - ევროკავშირიდან გამოსვლას პოზიტიური ცვლილებების მოტანაც შეუძლია! ამჯერად, ვეთანხმები დევიდ კამერონს - ბრიტანეთს ნამდვილად შეუძლია იყოს მდიდარი და წარმატებული ევროკავშირის გარეშე.

პირველ რიგში, თქვენ თავს დააღწევთ ევრობიუროკრატებს: თუ თქვენ გაესაუბრებით ნებისმიერს, ვისაც ოდესმე უმუშავია ევროკავშირთან, შეიტყობთ, რომ ეს არის უსარგებლო სახელმწიფო, რომელიც მუდმივად ქმნის ზედმეტ რეგულაციებს. რატომ უნდა იყოს ბანანი და კიტრი თითქმის სწორი? რატომ უნდა ითვლებოდეს კვერცხის ფასი  კილოობით და არა ათეულობით? ეს დაუსაბუთებელი და სულელურია, რაც გაერთიანებულ სამეფოს ფული უჯდება. როგორც დევიდ კამერონის მთავარმა მრჩეველმა, სტივ ჰილტონმა თქვა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საქმიანობის მხოლოდ მესამედი არის დაკავშირებული მის დღის წესრიგთან, ნახევარზე მეტი კი არის მითითებები ბრიუსელიდან. ახლა რეალურ საკითხებზე მუშაობის დრო მოვიდა.

მეორე საკითხი ისაა, რომ ნორვეგია, ისლანდია და შვეიცარია არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუმცა მათ აქვთ ევროკავშირთან შეთანხმებები ვაჭრობისა და შრომითი მიგრაციის შესახებ (ევროპის ეკონომიკური სივრცე (EEA) + ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცე (EFTA)). OECD-ის და ეროვნული სტატისტიკის სამსახურების მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ეს სამი არაწევრი ქვეყანა ეწევა იმავე მოცულობის ექსპორტს ევროკავშირში, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები. გაერთიანებული სამეფო არის მე-5 უდიდესი ეკონომიკა მსოფლიოში. შესაბამისად, ევროკავშირს გაერთიანებული სამეფო სჭირდება იმდენადვე, თუ არა მეტად, რამდენადაც გაერთიანებულ სამეფოს - ევროკავშირი. ასე რომ, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობას ნათელი მომავალი აქვს. ამასთან, ბრიტანეთი უკვე აღარ იქნება ევროკავშირის რეგულაციების ობიექტი და ბრიტანული ბიზნესი გათავისუფლდება ევროკავშირის უამრავი რეგულაციისაგან, რომლებიც აზიანებენ ეკონომიკურ თავისუფლებას. 

რეფორმირება ევროკავშირს სჭირდება - შენ უბრალოდ ვერ შეძლებ, ყველა და ყველაფერი გახადო ერთნაირი. რატომ უნდა აკონტროლოს ბუნდესბანკმა სხვა ქვეყნის საპროცენტო განაკვეთი? ხომ ცხადია, რომ გერმანია და საბერძნეთი ორი ძალიან განსხვავებული ქვეყანაა და ისინი არ უნდა მიჰყვებოდნენ ერთნაირ ეკონომიკურ ტრაექტორიას. მეტიც, გაერთიანებულ სამეფოს ევროც კი არ აქვს და რატომ უნდა განსაზღვრავდეს ევროკავშირი წესებს გაერთიანებული სამეფოსათვის? დიახ, ფუნტის კურსი დაეცა, მაგრამ რამდენი ხნით? რამდენიმე დღით? ერთი კვირით? ასე, აშშ დოლარიც სუსტდება თავისი მონეტარული პოლიტიკის გამო. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს ინფლაცია და საცალო ფასები გაიზარდა დაახლოებით 1%-ით; როგორც ჩანს, ინფლაციის რისკებთან გამკლავება შესაძლებელია, ბრიტანული ფუნტის გაუფასურების მიუხედავად. მეტიც, შესუსტებულმა ვალუტამ შეიძლება სტიმული მისცეს გაერთიანებული სამეფოს ექსპორტიორებს და უძრავ ქონებაზე შემცირებული ფასის გამო ბევრი ადამიანი შეძლებს გახდეს სახლის მეპატრონე - ეს ხომ ის არის, რასაც თქვენ სულ ითხოვდით?

და ჩემი საყვარელი ასპექტი - იმიგრაცია:

როგორც ვთქვი, ნორვეგიას, ისლანდიას და შვეიცარიას უკვე აქვთ შრომითი მიგრაციის შეთანხმება და დარწმუნებული ვარ, რომ გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია მიაღწიოს იმავეს მომდევნო 2 წლის განმავლობაში ევროკავშირის დატოვების მიუხედავად. მაგალითად, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი არიან EEA-ის წევრები, მაგრამ არა ევროკავშირის. და, აბა, გამოიცანით - EEA წევრები სარგებლობენ ევროკავშირში ადამიანის თავისუფლად გადაადგილების უფლებით. გარდა ამისა, როგორც EEA-ის წევრები: ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი - ყველანი შეუერთდნენ შენგენის ზონას. მეორე მხრივ, არსებობს შვეიცარია, რომელიც არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი არ არის, არამედ EEA-ის წევრიც კი არაა! შვეიცარიას აქვს ორმხრივი ხელშეკრულება EFTA-ის ფარგლებში, რომელიც ასევე გულისხმობს ადამიანის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირში. განსხვავებით EEA-ს წევრი ქვეყნებისგან, შვეიცარიას ჰქონდა თავისი სავიზო რეჟიმი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, გადაწყვიტეს, რომ ასევე მიერთებოდნენ შენგენის ზონას.

გაერთიანებული სამეფო არასდროს ყოფილა შენგენის ზონაში!

თქვენ, ალბათ, გსმენიათ ჩემი წუწუნი იმაზე, რომ რადგან ევროკავშირიდან არ ვარ, ჩემთვის შეუძლებელია სამუშაოს პოვნა, ვინაიდან დასაქმებულებმა უნდა დამასპონსორონ და გადაიხადონ მეტი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის წევრობასთან - გაერთიანებულმა სამეფომ თავად განსაზღვრა, რომ მას არ სურს ქართველების ჩასვლა და მუშაობა ვიზის გარეშე, თუმცა, ევროკავშირის მოქალაქეებისათვის ჩასვლა და მუშაობა ვიზის გარეშე შეიძლება. ასე რომ, თუ გადაწყვეტთ, ყველაფერი შეიძლება შენარჩუნდეს ისე, როგორც მანამდე იყო. მაგალითად ისე, რომ მიმზიდველ ესპანელს ისევ შეეძლება გააგრძელოს მუშაობა თქვენ მახლობლად მდებარე კაფეში.

სინამდვილეში, ევროკავშირიდან გამოსვლა ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ფლობს მეტ დისკრეციას თავის საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით - რამდენად ლიბერალური ან მკაცრი უნდა იყოს ის, თავად გადაწყვეტთ. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ჰქონდეს თუ არა ღია საზღვრები ევროკავშირის მოქალაქეებისათვის და მისცეს თუ არა მათ მუშაობის უფლება, და ეს, ფაქტობრივად, არაფერ კავშირშია ევროკავშირის წევრობასთან.

საბოლოოდ, დიდო ბრიტანეთო, ყველაფერი კარგად გექნება. შვეიცარია არ არის ნაკლებად ევროპული ქვეყანა, ვიდრე საფრანგეთი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის ევროკავშირის წევრი. იგივე გეხება შენ. შენ ხარ ევროპის ნაწილი, მაგრამ საკუთარი ვალუტით და საკუთარი სავიზო რეჟიმით. შენ ახლა უკვე თავად შეგიძლია განსაზღვრო საკუთარი თამაშის წესები და თავად მოილაპარაკო საკუთარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც შეიძლება იყოს დიდი სტიმული შენი ეკონომიკისათვის. ყველაფრის შემდეგ, შენ დიდი ტყუილად არ გეწოდება.

გაუმარჯოს დიდ ბრიტანეთს!

ანასტასიასაგან სიყვარულით.

P.S. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოვლენები ცუდად ვითარდება - რუსმა კანონმდებლებმა ახლახან მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმადაც რუსეთის ახალ ეროვნულ გვარდიას (პუტინის მიერ შექმნილი 2016 წლის აპრილში) უფლება აქვს, ესროლოს თავშეყრილ ხალხს და გატეხოს ავტომობილები მესაკუთრეების არყოფნაში. არავითარი რეფერენდუმი. უბრალოდ წმინდა ტოტალიტარიზმი <3

კომენტარები