შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები

სასამართლომ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულად ცნო, ხოლო გაფლანგვის მუხლში გაამართლა. სასამართლომ ხიზანიშვილს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მას პატიმრობის ¼ და საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა. საბოლოოდ, შოთა ხიზანიშვილს თავისუფლება 1 წლით და 4 თვით აღეკვეთა.

საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა შსს-ს კიდევ ორ ყოფილ თანამშრომელს, ლევან ქარდავას და ვაჟა ლელუაშვილს.

შოთა ხიზანიშვილმა სასამართლოს დაწყებამდე თქვა, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული იქნებოდა და მას პატიმრობას მიუსჯიდნენ. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მისი პროცესის დასრულება დაჩქარდა.

„დღეს საზოგადოება იხილავს კიდევ ერთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ეს პროცესი დაახლოებით 4 წელია გრძელდება. მას შემდეგ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, განსაკუთრებით დაჩქარდა ამ პროცესის დასრულება. მათ თავიდანვე მიზნად ჰქონდათ დასახული, ეს გადაწყვეტილება დამთავრებულიყო ისე, როგორც ახლა დამთავრდება. ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. დიდი ალბათობით, ეს იქნება საპატიმრო სასჯელი, რაც პირდაპირ კავშირშია იმ პოლიტიკურ დევნასთან, რომელიც ბოლო 4 წელია ჩვენი გუნდის წევრების მიმართ მიმდინარეობს",- ამბობს ხიზანიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

კომენტარები