ქართველების დაკავება ესპანეთში

ესპანეთში საქართველოს 18 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

ესპანეთის ნაციონალური პოლიცია

ესპანეთის ნაციონალურმა პოლიციამ, გუშინ, 28 ივნისს, საქართველოს 18 მოქალაქე ათობით ბინის გატეხვის ბრალდებით დააკავა. ესპანური მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ე.წ. ქართული მაფიის წევრად მიიჩნევა. ესპანელი სამართალდამცველები ამბობენ, რომ დაკავებულები ბინებს მადრიდში ქურდავდნენ.

რადიო თავისუფლების ცნობით, "მათ შორის არის რამდენიმე "ექსპერტი", რომელიც სპეციალიზებულია ნებისმიერი საკეტის გატეხვაზე. დამნაშავეებმა მათ ოქროს ხელები შეარქვეს".

სწორედ ქართველი მიგრანტების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები გახდა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან იმაზე საუბრის მიზეზი, რომ საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის მზად არ არის. 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით, საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის არის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად არღვევენ კანონს.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კანონდამრღვევთა რაოდენობა, რომლებიც გერმანიის მოქალაქეები არ არიან - 911 864 იყო, მათგან 8085 საქართველოს მოქალაქეა. ამ რიცხვით საქართველო სიის 24-ე ადგილს იკავებს.

 

 

კომენტარები