ქართველი სამხედროები აფრიკაში

ხიდაშელი სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე: ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არიან

Reuters

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცენტრალური აფრიკიდან დაბრუნებულ საგამოძიებო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ "ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არიან". ხიდაშელი გაეროსგან "ადეკვატურ პასუხებს" ელოდება.

"ჯგუფის ვიზიტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ძალიან წარმატებული იყო. მათ შესაძლებლობა მიეცათ, სრულად ჩაეტარებინათ ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. ძალიან სასიამოვნო, იმედის მომცემი ინფორმაციებით დაბრუნდნენ. ჩვენ წინასწარი მდგომარეობით, წინასწარი მოკვლევის ამ ეტაპზე, ნამდვილად შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების პასუხი და, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს პასუხი ამ ბრალდებებზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია - ჩვენი ბიჭები არაფერ შუაში არ არიან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, უბრალო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს გაუგებრობა უნდა აღმოიფხვრას და უკვე გაეროსგან დაველოდებით შესაბამის ადეკვატურ განცხადებებს და პასუხებს", - ამბობს ხიდაშელი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება გეგმავს 6-თვიანი ანგარიშის მომზადებას უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა ზიდ რაად ალ ჰუსეინმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი და ფრანგი სამხედროების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე ანგარიში 29 იანვარს გამოაქვეყნა. საუბარი იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.

კომენტარები