მამუკა ახვლედიანის გადაყენება

ახვლედიანი: იუსტიციის საბჭოს ჩემი გადაყენების უფლება არ ჰქონდა

მამუკა ახვლედიანი
ipress.ge

მამუკა ახვლედიანი ეთანხმება სახალხო დამცველის დასკვნას თავისი გათავისუფლების უკანონობის შესახებ და ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ამ ფორმით გადაყენების უფლება კანონით არ ჰქონდა.

"თუკი ადამიანი ობიექტურად შეხედავდა ამ საკითხებს, უბრალოდ, შეუძლებელი იყო ამ კანონმდებლობით, ამ ფორმით სასამართლოს თავმჯდომარის, მოსამართლის გათავისუფლება იმიტომ, რომ მსგავსი კანონმდებლობა საერთოდ არ არსებობს. მაშინაც ვამბობდი - ეს იგივეა, ჯანდაცვის მინისტრმა ან ქალაქის მერმა რომ გადააყენოს მოსამართლე. არანაირი უფლებამოსილება და უფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლოს თავმჯდომარის ამ ფორმით გადაყენებაზე არ ჰქონდა. ეს საკითხი უნდა გადასცემოდა სადისციპლინო კომისიას და უამრავი სხვა პროცედურა გავლილიყო", - ამბობს ახვლედიანი. როგორც ცნობილია, ახვლედიანმა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ კი აღნიშნა, რომ ის უკვე შეხვდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს.

"იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ორშაბათს განვიხილეთ სახალხო დამცველის შეფასება. მოსული იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, გავცვალეთ მოსაზრებები. ამ საკითხს ჩვენ ვიცნობთ, სახალხო დამცველს აქვს თავისი შეფასება და პოზიცია და, ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება. აღნიშნული საკითხის სასამართლოში არის გასაჩივრებული და ველოდებით გადაწყვეტილებას", - თქვა გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე დაინტერესებულ პირებს კატეგორიული დასკვნებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

"აღნიშნული თემა გასაჩივრებულია სასამართლოში. მე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, თავს შევიკავებდი კომენტარისგან. ზოგადად, ყველას მოვუწოდებ, რომ კატეგორიული დასკვნებისაგან შეიკავოს თავი, როდესაც საქმე სასამართლოშია. თუ დაადასტურებს სასამართლო - დაადასტურებს და ვიტყვით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეცდა თავის გადაწყვეტილებაში; თუ საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს - მიიღებს იმას, რაც მივიღეთ ჩვენ. გასაგებია ანგარიში და მოსაზრება, მაგრამ მე ამ თემაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნა მურუსიძემ.

ახვლედიანი პოსტიდან 22 თებერვალს გაათავისუფლეს.

კომენტარები