გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები

ნობელის ლაურეატები Greenpeace-ს GMO-ს წინააღმდეგ კამპანიის შეწყვეტას სთხოვენ

0 კომენტარი
ფოტო: Bloomberg News

ნობელის 107 ლაურეატი Greenpeace-ს მოუწოდებს, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების საწინააღმდეგო კამპანია შეწყვიტოს. წერილში Greenpeace-ს ლაურეატები სთხოვენ, რომ შეწყვიტონ გენეტიკურად მოდიფიცირებული ბრინჯის შტამის დანერგვის დაბლოკვის მცდელობა, რადგან, მათი თქმით, ეს A ვიტამინის ნაკლებობას შეამცირებს, რაც განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში სიბრმავესა და სიკვდილიანობას იწვევს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ Greenpeace-ს და მის მხარდამჭერებს, რომ ხელახლა შეისწავლონ ფერმერებისა და მომხმარებლების გამოცდილება მსოფლიოში ბიოტექნოლოგიებით გაუმჯობესებული მარცვლეულის კულტურებისა და საკვების შესახებ. აღიარონ ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციებისა და რეგულირების სააგენტოების კვლევების შედეგები და შეწყვიტონ თავიანთი კამპანია, ზოგადად, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და, კერძოდ, ოქროსფერი ბრინჯის წინააღმდეგ", - წერია მიმართვაში, რომელსაც ნობელის ლაუერეატები აწერენ ხელს.

წერილის მომზადების კამპანია New England Biolabs-ის მთავარმა მეცნიერმა რიჩარდ რობერტსმა და ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის ლაურეატმა ფილიპ შარპმა წამოიწყეს.

"ჩვენ ვართ მეცნიერები და გვესმის მეცნიერების ლოგიკა. მარტივია იმის დანახვა, რომ რასაც Greenpeace აკეთებს, საზიანო და ანტიმეცნიერულია. Greenpeace-მა და მისმა მოკავშირეებმა განზრახ გადაუხვიეს გზას, რათა ხალხი შეაშინონ და ამ გზით მეტი ფული იშოვონ", - განუცხადა რობერტსმა Washington Post-ს.

Greenpeace-ს ჯერჯერობით წერილზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Greenpeace გავლენიანი საერთაშორისო საზოგადოებრივი გარემოსდამცველი ორგანიზაციაა. მას მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ორგანიზაცია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების საწინააღმდეგო კამპანიას აქტიურად ახორციელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები