თბილისის სატრანსპორტო კომპანია

შესაძლო კორუფცია მერიის სატრანსპორტო კომპანიაში - ენმ დოკუმენტს ასაჯაროებს

ირაკლი აბესაძე
საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი აბესაძემ კიდევ ერთი დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც თბილისის მერიაში შესაძლო კორუფციის ფაქტებზეა საუბარი. საქმე ეხება მერიის შიდა აუდიტის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეა ყურადღება გამახვილებული. კერძოდ, სარესტორნო და სამივლინებო ხარჯებზე, ასევე შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე სხვადასხვა კომპანიასთან. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გუშინ სატრანსპორტო სამსახურის ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ თანამდებობა დატოვა. ენმ-ის ცნობით, ღურჭუმელია თანამდებობიდან სწორედ აღნიშნული დასკვნის გამო გაათავისუფლეს.

"მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად გაუარესებულია მგზავრების გადაყვანა ავტობუსებით, სავალალოა მძღოლების სამუშაო პირობები და მათი ხელფასი უკვე ძალიან დაბალია ამ პირობებში, თბილისის სატრასპორტო კომპანიამ გამონახა სახსრები სარესტორნო მომსახურებისთვის და გაიფლანგა 60 000 ლარამდე, გამონახა თანხები სამივლინებო ხარჯების გადაფარვისთვის, ასევე შტატის მიღმა თანამშომლების აყვანისთვის, ასეულობით ათასი ლარის გასაფლანგად კორუფციული ტენდერებისთვის და ასეულობით ათასი ლარის გასაფლანგად კონკრეტულ კომპანიებზე ტენდერების მორგებისთვის. ამ ყველაფრის ფონზე კი მნიშვნელოვნად გაუარესდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. თუ დავამატებთ იმას, რომ ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია - ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამ საკითხზე არის პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის სიძე, მაშინ ნათელია, რომ საქმე გვაქვს ისევ კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, დაზარალებულ მოსახლეობასთან, კმაყოფილ ჩინოვნიკებსა და მათ ნათესავებთან", - თქვა აბესაძემ.

ირაკლი აბესაძეს უკვე უპასუხა სატრანსპორტო კომპანიამ, სადაც ნათქვამია, რომ აუდიტის დასკვნა შუალედურია და არც ღურჭუმელიას მიერ თანამდებობის დატოვება უკავშირდება აღნიშნულ დოკუმენტს.

"მოგახსენებთ, რომ დღეს აბესაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, კერძოდ მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნის პროექტი, არის შუალედური დოკუმენტი და არ წარმოადგენს საბოლოო დასკვნას. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურს საპასუხოდ განმარტებითი დოკუმენტაციით უკვე მიმართა, შესაბამისად კომპანია ელოდება შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის საბოლოო დასკვნას.

რაც შეხეება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის ირაკლი ღურჭუმელიას თანამდებობის დატოვების ფაქტს. ვაცხადებთ, რომ ირაკლი ღურჭუმელიამ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე პირადი განცხადების საფუძველზე დაწერა და მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება მერიის შიდა აუდიტის შუალედურ დასკვნას", - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი აბესაძე თბილისის მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობაზე საურობს და მისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვს. თავის მხრივ, ნარმანიაც ამბობს, რომ აუდიტის შემოწმება არ დასრულებულა და ამ ეტაპზე საბოლოო დასკვნა არ არსებობს.

კომენტარები