დიდი ბრიტანეთი

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერობისთვის არ იბრძოლებს

VARIOUS

ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას გამორიცხავს. ჯონსონის თქმით, მას არ სჯერა, რომ შეძლებს ლიდერის როლის მორგებასა და მმართველი გუნდის გაერთიანებას.

დევიდ კამერონის შემცვლელად ყველაზე ხშირად სწორედ ჯონსონი სახელდებოდა, რომელიც Brexit-ის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

კონსერვატიული პარტიისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენის სურვილი უკვე გამოთქვა ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა მაიკლ გოუვმა, რომელიც ასევე, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს.

თავდაპირველად, გოუვი პრემიერის პოსტზე ლონდონის ყოფილი მერის, ბორის ჯონსონის კანდიდატურას უჭერდა მხარს, თუმცა, ჯონსონის დღევანდელი განცხადების შემდეგ პრემიერობის სურვილი თავად გამოთქვა.

პრემიერობის პოსტისთვის განაცხადი ასევე შეიტანა შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელიც ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს.

გოუვისა და მეის გარდა, პრემიერობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის სამუშაოსა და პენსიების მინისტრი სტეფან კრაბი, ენერგეტიკის მინისტრი ანდრეა ლიდსომი და მთავრობის კაბინეტის მინისტრი ლაიამ ფოქსი იბრძოლებენ.

კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი 9 სექტემბერს დასახელდება.

კონსერვატიული პარტიის ლიდერობისა და პრემიერობისთვის ბრძოლა დევიდ კამერონის გადადგომის შესახებ განცხადებას მოჰყვა, რომელიც მან Brexit-ის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე გააკეთა. რეფერენდუმში მონაწილეთა 52 %-მა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას დაუჭირა მხარი.

კომენტარები