აფეთქება ათათურქის აეროპორტში

საგარეო: აეროპორტში ყველა მოქალაქის მოძიება ფიზიკურად შეუძლებელი იყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები მთელი ღამე იმყოფებოდნენ ათათურქის აეროპორტში, გამოჰყავდათ საქართველოს მოქალაქეები და ათავსებდნენ სასტუმროებში. უწყების განმარტებით, აეროპორტში პოლიციის უსაფრთხოების ზომები იყო გაძლიერებული და საკონსულოს თანამშრომლებს ყველა ზონაში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ. უწყება ოპერის მომღერლის ნიკოლოზ ლაგვილავას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

"მოქალაქე ლაგვილავასთან დაკავშირებით სტამბოლში საკონსულოს ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა 29 ივნისს დილის საათებში. კერძოდ საკონსულოს ცხელ ხაზზე კულტურის სამინისტროდან დარეკა ქალბატონმა. მან აცნობა საკონსულოს, რომ ათათურქის აეროპორტში იმყოფება ოპერის მომღერალი ნიკა ლაგვილავა. ჩააწერინა საკონსულოს მისი ტელეფონის ნომერი და ითხოვა, დაკავშირებოდნენ. საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ბატონ ლაგვილავას და ჰკითხა დახმარების საჭიროების შესახებ. მან უსაყვედურა საკონსულოს, რომ მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდა და იქ არავინ იყო, რათა დაეცვათ მისი უფლებები. თანამშრომელმა განუმარტა ბატონ ლაგვილავას, რომ საკონსულოს თანამშრომლები მთელი ღამე იმყოფებოდნენ აეროპორტში, გამოჰყავდათ საქართველოს მოქალაქეები და ათავსებდნენ სასტუმროებში, რაც არაერთ მოქალაქეს შეუძლია დაადასტუროს. საკონსულოს თანამშრომლები მთელი ღამე ცდილობდნენ ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე მოეძიებინათ. სამწუხაროდ, ყველა მოქალაქის მოძიება ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან პოლიციის უსაფრთხოების ზომები იყო გაძლიერებული და საკონსულოს თანამშრომლებს ყველა ზონაში შესვლის საშუალება არ ჰქონდათ, მოქალაქეთა დიდი ნაწილი თავად უკავშირდებოდა საკონსულოს და ატყობინებდა მათი ადგილმდებარეობის შესახებ. სამწუხაროდ, ბატონ ლაგვილავასთან დაკავშირებით საკონსულოში 28 ივნისის საღამოს შეტყობინება არ შემოსულა. 29 ივნისს დილით საკონსულო ბატონ ლაგვილავასთან სატელეფონო საუბარში დაინტერესდა, ესაჭიროებოდა თუ არა მას მოცემული მომენტისთვის დახმარება, რაზეც მან განაცხადა, რომ ღამით იგი დააბინავა ავიაკომპანიამ, ბილეთიც გადაცვლილია და მოცემულ მომენტში პრობლემა არ ჰქონდა. ბატონ ლაგვილავასთან დამატებითი ზარი განხორციელდა 29 ივნისს საღამოს, მას კიდევ შესთავაზეს დახმარება, ბატონმა ლაგვილავამ მადლობა გადაუხადა საკონსულოს თანამშრომელს და განუცხადა, რომ დახმარებას არ საჭიროებს", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ოპერის მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა 28 ივნისის ღამის ტერაქტის დროს ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა. რუსთავი 2-თან საუბარში ლაგვილავამ თქვა, რომ საკონსულომ სათანადო ყურადღება ვერ გამოიჩინა.

"Turkish Airlines-მა აიღო თავის თავზე სასტუმრო, სადაც გადაგვიყვანეს დღეს დილით, ძილიც კი ვერ მოვასწარით, ისეთ გადარბენა-გადმორბენაში ვიყავით. საწყენი ის არის, რომ საკონსულომ ვერ გამოიჩინა სათანადო ყურადღება, სცოდნოდათ, რომ ქართველები კიდევ იყვნენ აეროპორტში და ერთი წარმომადგენელი მაინც უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთმა ქართველმა დარეკა აქედან საკონსულოში და ძალიან ცუდი პასუხი მიიღო, რომ ამდენს სად გსდიოთ ერთადო. კაცი როცა აღელვებულია, ასეთი საშინელი რამე აქვს გამოვლილი, ასე არ უნდა უპასუხო, რომ ამდენ ქართველს სად გსდიოთ და სად გეძებოთო. კორექტული არ არის, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ. ძალიან საწყენია", - თქვა ლაგვილავამ.

კომენტარები