რუსეთი-თურქეთი

МИД: მზად ვართ, თურქეთთან ტურისტული კავშირები სრულად განვაახლოთ

RIA Novosti

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული მხარე მზადაა, თურქეთთან ტურისტული კავშირები სრულად განაახლოს. 

"საპასუხოდ, ჩვენ ველით თურქეთის ხელისუფლებისგან, მიიღოს ყველა ზომა, რათა ტურისტული მიზნით ჩასული რუსეთის მოქალაქეები უსაფრთხოდ იყვნენ". ამასთან, ტურისტულმა სააგენტოებმა და თავად ტურისტებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ თურქეთში ტერორისტული საფრთხეა", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 29 ივნისს თურქ კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვი აუქმებდა ტურიზმთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ასევე იწყებდა თურქეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებას. ნორმალიზების საკითხზე სასაუბროდ 1 ივლისს რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოჭში ერთმანეთს შეხვდებიან.

ცნობისათვის, 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც სირიის საზღვართან ახლოს თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამ შემთხვევის გამო რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები და შეაჩერა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მაშინ ამბობდა, რომ სანქციები არ გადაიხედებოდა მანამ, სანამ თურქეთი ბოდიშს არ მოიხდიდა. კრემლმა 27 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წერილის საშუალებით ბოდიში მოიხადა. თუმცა, თურქი მაღალჩინოსნების განცხადებით, ერდოღანმა წერილში პილოტის გარდაცვალების გამო მხოლოდ მწუხარება და სინანული გამოხატა.

კომენტარები