ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

ქართული ოცნება: მხარს არ ვუჭერთ ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევას

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.“  ამის შესახებ განცხადებას პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ავრცელებს. განცხადებაში ასევე წერია, რომ წერეთელი ზედი-ზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის და საზოგადოებისთვის უცნობია რამდენად ეფექტურად ხელმძღვანელობდა ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში წერეთელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

„2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე. მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ის, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში ,,რევოლუციური სცენარის“, ,,აჯანყების“ თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ამ განცხადებებიდან და ოპოზიციის ცალკეული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მორაობის” მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ოცნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა „ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას.”

„მიგვაჩნია, რომ გიგი წერეთლის არჩევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები.“-წერია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისს თბილისში  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იმართება და ამ სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. პრეზიდენტობის ერთერთ კანდიდატად ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი. 

 

კომენტარები