რეკლამა

რატომ წყვეტს არსებობას Tbilisi Summer Set?

0 კომენტარი

8 და 9 ივლისს დაგეგმილი Tbilisi Summer Set ბოლო იქნება. 5-წლიანი არსებობის შემდეგ, ფესტივალი არსებობას წყვეტს. ორგანიზატორები მიზეზად სახელმწიფოს პოლიტიკას ასახელებენ.

"სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო ელექტრონული მუსიკის დაფინანსებაში, რამაც კერძო სექტორი ძალიან დიდი კრიზისის წინაშე დააყენა. ელექტრონული მუსიკის მიმართულება ისედაც კარგად ვითარდებოდა, ის არ საჭიროებდა დამატებით დახმარებას", - აცხადებს ფესტივალის პიარმენეჯერი ნიკა დვალიძე.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, არასტაბილური ვალუტის კურსის და მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის პირობებში, კიდევ უფრო რთულია, კონკურენცია გაუწიო სახელმწიფოს დაფინანსებულ ფესტივალებს, რომლებიც ზედმეტად მაღალი ჰონორარებით, შეუძლებელს ხდიან საქართველოს ბაზარზე მუშაობას.

"5 წლის მანძილზე სწორედ ჩვენმა ფესტივალმა და მისმა მასშტაბმა მისცა ამ სფეროს ამხელა ბიძგი. 2013 წელს გამართული Batumi Summer Set პირველი იყო, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი ერთ სივრცეში სწორედ ელექტრონულმა მუსიკამ გააერთიანა, ანალოგიური შედეგი გვქონდა 2014-ში. 2015 წელს ფესტივალი გაფართოვდა: ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ტრენდული ელექტრონული მუსიკა, შშმ პირების გამოფენა, კონსერვატორიის სტუდენტები, თუმცა შემდეგ ფესტივალის ტერიტორია წაგვართვეს", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.

მათი ცნობით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე თავლა და მისი ეზო იჯარით ფესტივალის კონკურენტებს გადაეცათ, ამის შემდეგ კი, კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე უთხრა უარი რიყის საგამოფენო სივრცის მიქირავებაზე.

"ასევე არაერთხელ უარი მივიღეთ თბილისის მერიისგან თუნდაც ჯებირების თხოვებაზე. ეს გვიბიძგებს, ვიფიქროთ, რომ დღეს მოქმედებს პრინციპი, ხელი შეუწყონ მხოლოდ ფავორიტ და მათთვის მისაღებ ფესტივალებსა და ღონისძიებებს და ამ სფეროს მონოპოლიზება მოახდინონ. ზუსტად ამიტომ, ვფიქრობთ, რომ დღეს არაა საჭიროება, იარსებოს ისეთმა ფესტივალმა, როგორიც Tbilisi Summer Set-ია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ სფეროს განვითარებაში და საქართველოს საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში ელექტრონული მუსიკის მხრივ, დიდი წვლილი შევიტანეთ, სწორედ ჩვენმა ფესტივალების სერიამ უბიძგა ბევრ პრომოუტერსა და ბიზნესმენს, ინვესტირება და მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით გაეგრძელებინა. 8 და 9 ივლისს ბოლო Tbilisi Summer Set, ხოლო ოქტომბერში უკანასკნელი Fall Set გაიმართება", - აცხადებენ ორგანიზატორები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები