0 კომენტარი
ფოტო: Shutterstock

 

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, 240 წელი გავიდა მას შემდეგ რაც შტატებმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბაბუაჩემი ამბობდა ხოლმე, რომ ამერიკისხელა კაკლის ხე ედგა ეზოში - ამას ჩვენთან ხშირად გაიგონებთ. შეიძლება მართლაც არის ის კაკლის ხე 240 წლის (სოლოლაკამდე ნუ მიიტანთ ხმას) და ამერიკაც უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ჩვენი სამშობლო  - თუმცა თუ გვერდზე გადავდებთ იმას, რომ ნიგვზის მთავარი ექსპორტიორი ამერიკაა მსოფლიოში და ამ ქვეყანამ კაკლის ხის ჩრდილში ჯდომას მისი ნაყოფის ექსპორტი არჩია,  მთავარი რაც მას დანარჩენი მსოფლიოსგან განასხვავებს ისაა, რომ ამერიკამ დასაბამიდან მოახერხა იმ ფასეულებებზე დაეშენებინა ისტორია,  რაზეც ჩვენ, როგორც საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ვთანხმდებით.  

ფილადელფიაში დაიბადა ახალი სახელმწიფო, რომლის „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ აცხადებს, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი  და რომ მათ შემოქმედმა მიანიჭა ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა„სიცოცხლე, თავისუფლება,და ბედნიერებისკენ ლტოლვა“. ტომას ჯეფერსონმა დეკლარაცია შვეიცარიის, ნიდერლანდების და ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების პოლიტიკური მოწყობის ისტორიაზე,  ლოკის და მონტესკიეს ნაშრომებზე დაყრდნობით დაწერა. როგორც ვაშინგტონი მოგვიანებით ამბობდა, დეკლარაცია ეყრდნობოდა „ამერიკულ საზრისს“ იმ  იდეებისას, რასაც ვხდებით „არისტოტელეს, ციცერონის, ლოკის, სიდნის და ა.შ.” ნაშრომებში.  დეკლარაცია ეყრდნობოდა და განაცხადებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დღეს დასავლეთის ცივილიზაცია დგას და რომელიც ამერიკელებისთვის ამოსავალი წერტილი გახდა. მათთვის, ბაბუაჩემისგან განსხვავებით, სახელმწიფოს დასაბამი არა საუკუნებრივი ისტორია და წლოვანება, არამედ ინდივიდის თავისუფლება და ადამიანის უფლებებია.

ბაბუაჩემისთვის და სხვა საბჭოთა ადამიანებისთვის, რასაც ილფი და პეტროვი კარგად აღწერდნენ, ამერიკა ასოცირდებოდა ცათამბჯენების ქვეყანასთან, სადაც დღე და ღამე გაისმის მიწისქვეშა მატარებლების გრუხუნი, მანქანათა ჯოჯოხეთური საყვირთა ღრიალი და განგრძობადი სასოწარკვეთილი კივილი საფონდო ბირჟის ბროკერებისა, რომლებიც ცათამბჯენთა შორის იქნევენ თავიანთ ფასიან ქაღალდებს. ამერიკა, რომელიც ჩვენ წარმოდგენებში ასოცირდება ჰოლივუდთან, ვარსკვლავების ხეივანთან, კოკა-კოლასთან და ნიუ იორკის ცათამბჯენებთან,  სიკვდილის შემდეგ ცხოვრებისავითაა, რადგან იქ ჩასულები უკან აღარ ბრუნდებიან. თუმცა რეალური ამერიკა ერთსართულიანია. მოგზაურობის შემდეგ, ილფმა და პეტროვმა, „ნამდვილი ამერიკა“ შემდეგნაირად აღწერეს:

„საპარიკმახეროში მიჩიგანის გამზირზე, სადაც ჩვენ თმა შევიჭერით, ერთი დალაქი სერბი იყო, მეორე ესპანელი, მესამე სლოვაკი, მეოთხე ებრაელი იერუსალიმიდან. ვისადილეთ პოლონურ რესტორანში, სადაც გერმანელი გვემსახურებოდა. ქუჩაში კაცი, რომელსაც გზის სწავლება ვთხოვეთ, ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა. ის ბერძენი იყო, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა, ვაიდან ვუიში, პელოპონესის ნახევარკუნძულიდან. მას ღრმა, შავი, სევდიანი ფილოსოფოსის თვალები ქონდა. კინოში ჩვენ მოგვესმა რუსული გადაძახილი: - „მანია, ხომ გითხარი ამ ფილმის ნახვა ცუდი აზრი იყო“.  ამერიკა ემიგრანტების ქვეყანაა და მათ აერთიანებთ, არა ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში გარდამავალი სისხლი, არამედ ის რაც ისევ უცხოა ჩვენთვის: მოქალაქეობა.

კაკლის ხე ილუსტრაციაა იმის, რომ ჩვენთვის ისტორია წლების ნაკრებია, მას, როგორც მითოსს ისე აღვიქვამთ და დღემდე, დამოუკიდებლობის 25 წლის შემდეგ,  ჩვენ ისევ ვცხოვრობთ წარსულით და ვერ ვახერხებთ საკუთარი თავის შექმნას ღირებულებების გარშემო. ვეჭიდებით წინაპართა ლანდებს, რომლებიც ჩვენი ყოფის განსაზღვრის ერთადერთი საორიენტაციო წერტილია. არ გვესმის სახელმწიფოებრიობა, ვერ ვთანმხდებით მომავალზე და სიამაყით ვსვავთ წინაპრების სადღეგრძელოს.

დამოუკიდებლობის გამოცხადება, რომელიც ჩვენი იდენტობის კრიტიკურ მომენტს წარმოადგენდა, იმ გზაჯვარედინს, როდესაც უნდა გადაგვეწყვიტა, რის გარშემო ვერთიანდებოდით, რა გვაწებებდა როგორც ერთობას  და  რა ფორმით ვაპირებდით თანაცხოვრებას, ქაოსით დასრულდა. რუსული აგრესიის და შიდა არეულობის ფონზე ჩვენ სახელმწიფო იდენტობის კრიზისში აღმოვჩნდით, რომელიც დღემდე გრძელდება. გაუცნობიერება, თუ როგორ მომავალს ვირჩევდით ვლინდება იმ ჭრელ  და ზიზილ-პიპილო პარტიების რაოდენობაშიც, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად აღმოცენდნენ. მათი ნაწილი ითხოვდა კონსტიტუციურ მონარქიას, ზოგს სწამდა ნაციონალისტური სახელმწიფოსი, ზოგი თეოკრატიას ქადაგებდა და პარლამენტში წმინდა სინოდის შეყვანას ითხოვდა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისას ჩვენ ვიყავი დაუსრულებელი ერთობა საერთო ღირებულებების, მიზნის და სახელმწიფო ინსტიტუტების გარეშე. ერთადერთი, რაც ჩვენ გვაერთიანებდა იყო წარსულის განდიდება ისტორიულ და რელიგიურ ჭრილში.

ჩვენ ვამაყობთ „ქართველობით“, რომელმაც საქართველო, როგორც სახელმწიფო ჩაანაცვლა, რომელიც თიშავს სხვა ეროვნებებს ჩვენს ტერიტორიაზე და „ქართველობის“ მთავარ განმსაზღვრელად მართლმადიდებლობას მიიჩნევს. ამერიკამ კი დასაბამში მიიღო,  რომ  იყო ამერიკელი უკავშირდება იმას, რომ პატივს სცემდე კონსტიტუციას, იყო მოქალაქე - მიუხედავად მრწამსისა და წარმომავლობისა, რომ არ უნდა დაუკიდო მუსლიმან აჭარელს ღორის თავი კარზე, უნდა ხვდებოდე, რომ სომეხი ტაქსის მძღოლი, თუ  აზერბაიჯანელი სტუდენტი ისეთივე მოქალაქეა, როგორც შენ და რომ ისინი ქართველობას კი არ გვართმევენ არამედ საქართველოს სახელმწიფოს შენებაში ისეთივე როლი აქვთ, როგორც ნებისმიერ მართლმადიდებელ მოქალაქეს.  სწორედ ამიტომ,  ჩვენი განაცხადი, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ვიყენებთ მას როგორც სინონიმს ევროპისა და ამიტომ მივილტვით მისკენ,  არ გადის იმაზე, ევროპაში შალახოთი შევალთ თუ კინტაურით,  არამედ იმაზე, რომ  ვცნობთ ინდივიდუალურ თავისუფლებას და ადამიანთა უფლებებს როგორც ყველაზე მაღალ ღირებულებებს.

სანამ ჩვენ, როგორც საზოგადოება ამას არ გავითავისებთ, ვერ ვიქნებით სრულყოფილი ერთობა, ან როგორც მამარდაშვილი წერდა:  სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები ჯოჯოხეთში“.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია - მღვდელი ლეონ გელოვანი

კომენტარები