ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

უსუფაშვილი: ხმა მივეცი მუტონენს, თუმცა, წერეთლის არჩევით ქვეყანა არ დაიქცევა

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მან ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პოსტზე ხმა კრისტინ მუტონენს მისცა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ სხვა კანდიდატის, მაგალითად, გიგი წერეთლის გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის დამაზარალებელ კომენტარებს არ გააკეთებენ და ეუთო-ს "არასწორ ქმედებებში" არ დასდებენ ბრალს.

"ხმა მივეცი უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში. ჩვენ ვირჩევთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპებით, რაც ეუთო-ს აქვს და იმ პრიორიტეტებით, რაც ეუთო-ს აქვს. ბუნებრივია, შიდანაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო მაშინ გახდება პატივცემული მოთამაშე და მონაწილე, როდესაც ჩვენ შევძლებთ და ვისწავლით იმას, რომ მსოფლიოზე, ევროპაზე და გლობალურ საკითხებზე ვიფიქროთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ წესების და პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომელიც დამკვიდრებულია ამ ორგანიზაციებში. მართალია, ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს. აქ მოქმედებს ეუთო-ში დამკვიდრებული პრაქტიკა. ამიტომ, კონკრეტულად არჩევნებთან და საარჩევნო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, გუნდებს შორის იმართება. მე მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში, გეგმებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში, უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი ქრისტინე მუტონენი, ასამბლეის ავსტრიელი ვიცესპიკერი. ეს იქნება კარგი ეუთო-სთვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვისაც", - თქვა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, "თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად, ბატონი გიგი წერეთელი, იმედი მაქვს, მისი შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ისეთი ფრაზეოლოგიით არ გამოხატავენ თავის განწყობებს, რომელიც დააზარალებს საქართველოს. რომელიც არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ეუთო-სთან. და იმედია, არ იქნება ისეთი კომენტარები, რომელიც ეუთო-ს და მთელ ამ 56 ქვეყნის წარმომადგენლობას ბრალს დასდებს რაიმე არასწორ ქმედებებში".

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ გიგი წერეთლის არჩევა "ქვეყნის დაქცევას" არ ნიშნავს.

"მე ხმა მივეცი ქალბატონ მუტონენს. რაც შეეხება დანარჩენ თემებს, მე ყველას ვუსურვებ, ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს სიტუაციაში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს, იმიტომ რომ, მაგალითად, EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცეპრეზიდენტი ამავე ორგანიზაციაში. იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკურ-ფრაქციული პოზიცია უკავია ამა თუ იმ პირს, მას შეუძლია, იყოს მიკერძოებული და უნდა იყოს მიკერძოებული. როდესაც თვითონ ინსტიტუციის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, მას დამატებითი ბარიერები უჩნდება თავისივე კოლეგების მხრიდან, რომ არ იყოს ისეთი მიკერძოებული, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ აქ ასე ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, ამითი დაიქცევა ქვეყანა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს, ასე არ არის. პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო არენაზე ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს ხოლმე, იმისთვის რომ საკუთარ ინტერესს მივაღწიოთ", - თქვა უსუფაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ირჩევენ დელეგატები. კენჭისყრის პროცესი ამ წუთებში ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარეობს. თანამდებობაზე სულ 3 კანდიდატურაა წარდგენილი, მათ შორის არის გიგი წერეთელიც.

კომენტარები