არჩევნები 2016

რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

sakrebulo.ge

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რიმა ბერაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით დაიბარეს. აუდიტის სამსახურში საკითხის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარის რიმა ბერაძისა და ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, რაც აკრძალულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 252 მუხლით.

"მსგავსი სახის ღონისძიებები პოლიტიკური პარტიის სახელით, რაიმე საქველმოქმედო საქმიანობის გაწევა და მითუმეტეს, პოლიტიკური პარტიის სახელით გარკვეული მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასში ამომრჩევლისათვის, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნო პერიოდში, ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად და სწორედ ამიტომ, ჩვენი აზრით, გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი მტკიცებულებაა იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ რიმა ბერაძესთან ერთად დაბარებულია საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარეც. ასევე, ცნობილია, რომ ფაქტს ცენტრალური საარჩევნო კომისიაც შეისწავლის.

რიმა ბერაძეს მომხდრთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონის დარღვევით მონაწილეობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც ადგენს ცესკო, განსახილველად ეგზავნება სასამართლოს.

კომენტარები