კორუფცია

ენმ: ამბროლაურის მაღალჩინოსნები ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორუფციული სქემა არსებობს, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიც ადასტურებს. ამ თემაზე, ენმ-ის წევრებმა ლევან თარხნიშვილმა და ოთარ სირაძემ ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არის სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისა და კორუფციული გარიგების ნიშნები.

„პოსტზე არჩევის შემდეგ, საარჩევნო დაპირებების შესრულებისა და მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვის ნაცვლად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჩინოსნებმა თავისი და თავის ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვას მოკიდეს ხელი", - აცხადებენ ენმ-ში და აღნიშავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტმა 2014-15 წლებში გამარტივებული შესყიდვებით 134 ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით თითქმის ორი მილიონ ლარზე.

„შედეგად, სერვისი შეისყიდეს ელექტრონული ვაჭრობის გარეშე ანუ უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მოხდებოდა სრულყოფილი ტენდერის ჩატარებისას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელშეკრულებები ფორმდებოდა კომპანიებთან, რომლებსაც მსგავსი საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა, უფრო მეტიც, მონაწილეობაც კი არ აქვს მიღებული არცერთ სახელმწიფო ტენდერში" - აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებითვე, ამბროლაურში მოსახლეობის პრობლემები უგულებელყოფილია.

„აუდიტის იმავე ანგარიშის თანახმად, 23 შემთხვევაში სამუშაო არ შესრულებულა და გამგეობა იძულებული იყო, პირსაგამტეხლო დაეწესებინა. თუმცა, 20 შემთხვევაში გამგეობამ ან საერთოდ არ დააკისრა კომპანიას თანხის გადახდა ან გაურკვეველი ვადით გადაუვადა. შედეგად, მოსახლეობა დარჩა გზის, წყლის მომარაგების, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გარეშე, ხოლო ბიუჯეტმა ხელმეორედ იზარალა 200 ათასზე მეტი ლარით", - აცხადებენ ენმ-ში და აღნიშნავენ, რომ ამბროლაურში ადგილი აქვს ნეპოტიზმს. მათი ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაირღვა თვითმმართველობის კოდექსით დაწესებული შტატგარეშე მოსამსახურეების ზღვრული ოდენობა და 4-ჯერ გაიზარდა არსებული შტატები.

„მუნიციპალიტეტის ჩინოსნებმა ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმეს ახლობლები, ნათესავები და ქართული ოცნების აქტივისტები", - აცხადებს ენმ.

ნაციონალური მოძრაობის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ კანონმდებლობის დარღვევით იქირავეს თავისივე მანქანები, რითიც, კიდევ ერთხელ მიაყენეს ზიანი სახელმწიფოს ბიუჯეტს.

„დღეს მოყვანილი ამბროლაურის მაგალითი შესაძლებელია გავავრცელოთ მთელ საქართველოზე. სწორედ ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაასრულოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობა და მისცეს ახალი ბიძგი ქვეყნის განვითარებას", - ამბობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.

 

კომენტარები