განათლება

კერი: გაორმაგდება იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებსაც აშშ-ში სწავლა უფინანსდებათ

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დღეს ხელი მოაწერეს დოკუმენტს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს მთავრობის განცხადებით, მისი მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით.

"დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებსაც აშშ-ში სწავლა უფინანსდებათ, გაორმაგდება. ყველა იმ ნაბიჯთა შორის, რომელთაც ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში გადავდგამთ, ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ.

საქართველოს მთავრობის შეფასებით კი, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს.

"მხარეები გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები