ჯონ კერის ვიზიტი

ალასანია: კერის აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია

facebook.com/alasaniairakli

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო დემოკრატიულ არჩევნებსა და თავისუფალ მედიაზე. როგორც ალასანიამ აღნიშნა, კერის აქვს ზუსტი ინფორმაცია საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე.

"თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან ერთად საჭიროა საქართველო გახდეს რეალური დემოკრატია. ვისაუბრეთ არჩევნებზე, მედიის თავისუფლებაზე და განსაკუთრებით, ტელევიზიებში მიმდინარე პროცესებზე. ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა კერიმ, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი. მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს მედია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები, რომლებიც მან ხელისუფლებასთან ჩაატარა, პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალადობის გარეშე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ შევთავაზეთ პოლიტიკოსების ქცევის კოდექსი, რომელიც პარლამენტში გავიტანეთ და ეს, ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემაა, რომელიც განვიხილეთ. ვისაუბრეთ საქართველოს მომავალზე. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი და კერიმ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ამ პოტენციალის რეალიზებაში ამერიკა და ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერა განუწყვეტლივ ექნება. ამიტომ, მოდით ამერიკელების მხარდაჭერით უკეთესი ქვეყანა, უკეთესი ეკონომიკა და დემოკრატია შევქმნათ", - ამბობს ალასანია.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. ასევე, მოლაპარაკება გამართა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ჯონ კერი უკრაინაში უკვე გაემგზავრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იქიდან ვარშავაში ჩავა, სადაც NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები