მსოფლიო ბანკი

საქართველო ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გადავიდა

worldbank.org

მსოფლიო ბანკმა შემოსავლების მიხედვით ქვეყნების კლასიფიკაცია განაახლა, ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველომ ქვედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნიდან ზედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა. საქართველო ქვედა საშუალო შემოსავლების ქვეყნების კატეგორიაში გასული 15 წლის მანძილზე იმყოფებოდა, იქამდე კი ის დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში იყო.

მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკების ანალიტიკურ კლასიფიკაციას. კატეგორიები ეფუძნება ქვეყნის სიმდიდრის განსაზღვრის შედარებით ზუსტ მეთოდს მშპ-ს ერთ მოსახლეზე შეფარდებას. ახალი კლასიფიკაციით ქვეყნები ასე განაწილდნენ:

  • დაბალი შემოსავლების ჯგუფი - მშპ ერთ მოსახლეზე $1.025 ან ნაკლები
  • ქვედა საშუალო შემოსავლების ჯგუფი - მშპ ერთ მოსახლეზე $1.025-დან $4,035-მდე
  • ზედა საშუალო შემოსავლების ჯგუფი - მშპ ერთ მოსახლეზე $4,036-დან $12,476-მდე
  • მაღალი შემოსავლების ჯგუფი - მშპ ერთ მოსახლეზე $12,476 და მეტი

მსოფლიო ბანკმა თავიდან გადაიანგარიშა ქვეყნების წინა წლების მაჩვენებლებიც, და აღმოჩნდა, რომ ნომინალურად საქართველო ზედა მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში 2013 წელს მოხვდა (თუმცა ეს გადათვლა 2016 წელს გაკეთდა, ამიტომაც 2013 წელს საქართველოს ჯგუფის ცვლილება არ მომხდარა). 2013 წელს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ მოსახლეზე $4240 გადხა, 2014 წელს ამ მაჩვენებელმა $4490-ს მიაღწია. 2015 წელს კი ლარის გაუფასურების გამო ის $4160-მდე შემცირდა.

ნომინალურად საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ მოსახლეზე წლების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • 2010 - $3000
  • 2011 - $3300
  • 2012 - $3870
  • 2013 - $4240
  • 2014 - $4490
  • 2015 - $4160

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კლასიფიკაციის ცვლილება საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე კარგად აისახება, რასაც ინვესტიციების ზრდა უნდა მოჰყვეს.

"ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებული კლასიფიკაცია შემოსავლების მიხედვით. ეს კლასიფიკაცია ეფუძნება თითოეული ქვეყნის ეროვნული შემოსავლის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებას და მსოფლიო ბანკის ბოლო კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო საშაულოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯგუფიდან გადავიდა საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და ვფიქრობთ, რომ ამ კლასიფიკაციის წინსვლა არ ჰქონია ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საინვესიტიციო იმიჯისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების კუთხით", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები