ვარშავის სამიტი

სტოლტენბერგი: ალიანსის კარი ღიაა ჩვენი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისთვის

NATO

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის საექსპერტო ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას დაადასტურებს.

"სამიტზე კიდევ ერთხელ მოხდება იმის დადასტურება, რომ ალიანსის კარი ღიაა ჩვენი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისთვის. ჩვენ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ვმუშაობთ, როგორც ახლო პარტნიორებთან და მხარს ვუჭერთ მათ ალიანსის სტანდარტების მისაღწევად გატარებულ რეფორმებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამავე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში NATO-ს გაძლიერებასთან ერთად უნდა გაღრმავდეს ალიანსის ურთიერთობა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან.

"ვარშავის სამიტი არის დიდი შესაძლებლობა „ღია კარის" სამოკავშირეო პოლიტიკისთვის ახალი იმპულსის მისაცემად და, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ალიანსის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ნიშნავს საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობის გაღრმავებას", - თქვა დუდამ.

კომენტარები