სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენი: პარლამენტმა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ გაიზიარა

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე რეკომენდაცია დაასახელა, რომელიც პარლამენტმა არ გაითვალისწინა. ნანუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმ რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ომბუდსმენმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამოძიების შესახებ გამოაქვეყნა. ომბუდსმენის თქმით, პარლამენტმა ასევე არ გაითვალისწინა რეკომენდაცია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამოძიების ხელშეწყობის შესახებ.

„დადგენილება არ ითვალისწინებს რეკომენდაციას 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების წარმართვის, უმოკლეს ვადებში დამნაშავე პირთა გამოვლენისა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თაობაზე. დადგენილებაში არაფერია ნათქვამი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებისა და პარტიის წევრების, მათ შორის, პარლამენტარების მიმართ ძალადობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე", - ამბობს ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის თქმით, პარლამენტის მიერ გაუზიარებელ რეკომენდაციათა შორის არის რელიგიური სიძულვილით/შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიების პროცესის დასრულების საკითხი. ასევე, სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„სამწუხაროდ, პარლამენტის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი მთელი რიგი მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე; კერძოდ, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, რაც რეალურ დაბრკოლებას უქმნის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას და მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, მისი შემდგომი განხილვის პროცესი ჭიანურდება", - ამბობს სახალხო დამცველი.

ომმბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციარულ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიერ განხორციელებული ჩანაწერების გონივრული ვადით - არანაკლებ 10 დღით შენახვასთან დაკავშირებით, რაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი მექანიზმია. მისივე თქმით, ნაცვლად ამისა, დადგენილებაში ჩანაწერების შენახვის გონივრულ ვადად, სულ მცირე, 24 საათია მითითებული, რაც უკვე არსებული საკანონმდებლო რეგულაციაა და ვერ უზრუნველყოფს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლებს დაცვის ეფექტური გარანტიებით.

„დადგენილება არ მოიცავს სახალხო დამცველის რეკომენდაციას ე.წ. ოდეერების უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიების დაწყების და მისი დროულად, ეფექტურად, ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვის თაობაზე. ამასთან, არ არის გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაცია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა შეისწავლოს, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის, იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ, წლიური ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ახალი პრაქტიკის დამკვიდრებასთან ერთად, სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს გაიზიარებენ, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები