აშშ

პოპულიზმის აღზევება ამერიკაში

დონალდ ტრამპი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ბერნი სანდერსმა მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია ჰილარი კლინტონს. მნიშვნელობა აღარ აქვს არჩევნებში მათ შემდგომ წინსვლას - მათ ამერიკის მოსახლეობის სათქმელი უკვე თქვეს. პოპულისტების ეს წარმატება ააშკარავებს იმას, რასაც თერმომეტრის მაჩვენებელი, რომელმაც წითელი ხაზი უკვე გადალახა - პაციენტს ციებ-ცხელება აქვს. ამის შემდეგ ვერცხლისწყლის ზევით მოძრაობა მხოლოდ მდგომარეობის სირთულეს გამოაჩენს.

ამერიკის მოსახლეობის ამ ციებ-ცხელების, ანუ პოპულიზმის აღზევების მიზეზები ორიგინალური არ არის, და დიახ, ეკონომიკას უკავშირდება.

გლობალიზაციას, რომელმაც მრეწველობის დარგში სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა ოკეანეს გაღმა გადაიტანა, შიდა ეკონომიკური პრობლემები დაემატა და, როგორც ხდება ხოლმე, ამ სფეროში მოღვაწე ხალხი დამსაქმებლისა და სოციალური გარანტიების გარეშე დატოვა.

სწორედ ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოკვეთა პოზიტიური დისკრიმინაციის ნეგატიური მხარეები, და უმრავლესობის წარმომადგენლები თითქოსდა “პრივილეგირებულ” რასობრივ თუ ეთნიკურ უმცირესობებს დაუპირისპირა. მეტიც, ამგვარი “ჩაგვრით” გამწარებულებმა გრძნობების გამოხატვა რომ დააპირეს, პოლიტკორექტულობის ყრუ კედელი დახვდათ წინ.

ახალგაზრდებს, მართალია, ეკონომიკურად ძლიერი ამერიკა არ უნახავთ, მაგრამ უმუშევრობის, ზრდადი სტუდენტური ვალებისა და დაბალი ხელფასების პარალელურად, მოსახლეობის მცირე ნაწილის შემოსავლისა და პოლიტიკური გავლენის ზრდის შემყურე, ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად, და ალბათ ამიტომაც ხიბლავთ სოციალიზმი.

ტრამპი და სადნერსი ყველა ზემოთ ნახსენებ პრობლემას მკაფიო მესიჯებით პასუხობენ: ჯამში, ჰპირდებიან სამუშაო ადგილების დაბრუნებას სამშობლოში, შემოსავლის მიხედვით პროგრესულ გადასახადებს, მინიმალური ხელფასის ზრდას, უფასო სწავლასა და ჯანდაცვას, და, ზოგადად, სახელმწიფოს მეტ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე - შესაბამისად, მულტინაციონალური კორპორაციების ხელიდან ძალაუფლების ხალხის ხელში გადატანას.

პოპულისტების სოციალური დასაყრდენი

- ან უფრო მარტივად, ვინ უჭერს მხარს ამერიკელ პოპულისტებს?

ეს შეკითხვა, რომლის პასუხსაც ყველაზე ზედაპირული წყარო - სტატისტიკა - აქვს, ჩვენი მსჯელობის, არც მეტი, არც ნაკლები, გასაღებია. თუკი ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკური გემოვნების ამგვარად ჩამოყალიბების მიზეზები გვაინტერესებს, პირველ რიგში უნდა ვიცნობდეთ მათ, ვის გემოვნებასაც განვიხილავთ.

ამერიკულ პოპულიზმს ორი გამოვლინება ჰყავს, ტრამპი და სანდერსი. ეს ორი პოპულისტი განსხვავებულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგას, შესაბამისად, მათი მხარდამჭერი ჯგუფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

მაგალითად, CNN-ის დაკვეთით ORC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ამომრჩევლებში პოპულარობით სანდერსი სარგებლობს, მაშინ როცა ტრამპის ამომრჩეველს შედარებით ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ.

სანდერსის მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ტრამპის ამომრჩევლების უმეტესობას არ აქვს უმაღლესი განათლება.

თუმცა, ტრამპისა და სანდერსის მხარდამჭერებს საერთოც ბევრი აქვთ.

ისინი თეთრები არიან - ორივე კანდიდატი ყველაზე დიდი მხარდაჭერით თეთრკანიან ამომრჩევლებში სარგებლობს.

მათი ოჯახების წლიური შემოსავალი საშუალოზე ნაკლებია - ტრამპიცა და სანდერსიც უფრო პოპულარულები $50 000-ზე ნაკლები ოჯახური შემოსავლის მქონე ამომრჩევლებში არიან, ვიდრე მატერიალურად უკეთესად უზრუნველყოფილ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებში.

ამგვარად, ჩვენ წინაშეა ის თვისებები, რომლებიც ჩვენი პოპულისტების მხარდამჭერებს ახასიათებთ.

რადგან შედგენილი ფოტორობოტის მეშვეობით კოკუსების შედეგების ავტორის სახეზე ცნობა შეგვიძლია, დროა იმის გარკვევა დავიწყოთ, როდის და რატომ დაიწყო მისი გატაცება პოპულიზმით…

რამ აქცია პოპულისტების სოციალური დასაყრდენი პოპულისტების სოციალურ დასაყრდენად

დევიდ რიკარდო და თანამედროვე ამერიკული მუშათა კლასი

დევიდ რიკარდომ, ალბათ მის ეპოქაში ეკონომიკური ნაციონალიზმის პოპულარობის საპასუხოდ, თავისი შედარებითი უპირატესობის თეორიის მეშვეობით, მისი მუშაობის მექანიზმი აგვიხსნა, და ყოველდღიური საქმიანობის მახასიათებელი ეს პრინციპი, საერთაშორისო ვაჭრობას მოარგო, რაც იმდენად ლოგიკურია, რომ აქამდეც აუცილებლად უნდა გვცოდნოდა. მისი იდეა მარტივია: ინდივიდმა, ფირმამ, ქვეყანამ უნდა აწარმოოს ის, რისი წარმოებაც ყველაზე ნაკლები ალტერნატიული დანახარჯების ფასად შეუძლია, სხვა ინდივიდებთან, ფირმებთან, ქვეყნებთან შედარებით, ანუ ის, რისი წარმოების შედარებითი უპირატესობაც აქვს.

მაგალითად, შრომა-ინტენსიური საქონლის წარმოების შედარებითი უპირატესობა განვითარებად ქვეყნებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ღია საზღვრებისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში, ამერიკული კომპანია არჩევს, წარმოება სწორედ ჩინეთში გადაიტანოს.

ჩინეთის წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, ანუ აქტიური გლობალიზაციის პერიოდში, საშუალოდ 7% შეადგინა, რასაც ადგილობრივების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვა. გვერდითი ეფექტის სახით, კაპიტალის გავრცელებასთან ერთად, ცოდნის დიფუზიაც მოხდა, შედეგად, ბაზარზე გაჩნდა ჩინური კონკურენტუნარიანი ბრენდები.

განვითარებული ქვეყნებიც ფლობენ შედარებით უპირატესობას, მაგალითად, წარმოების ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც კაპიტალი და ცოდნა ინტენსიურია. 1990-დან 2008 წლამდე, მუშახელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, დასაქმებულების რაოდენობა გაიზარდა Tradable sector-ის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინჟინერია (+0.5 მლნ), კომპიუტერული სისტემების დიზაინი (+1.4 მლნ), მენეჯმენტი, სამეცნიერო და ტექნიკური კონსულტირება (+0.8 მლნ), ფინანსები და დაზღვევა (+0.35 მლნ). პოზიციებს ამ სფეროებში ძირითადად უმაღლესი განათლების მქონე, კვალიფიციური ადამიანები იკავებენ.

ეფექტური წარმოების შედეგად ხეირობს ყველა, ჩინეთიც, აშშ-იც და, საბოლოოდ, მთელი მსოფლიო… ისინიც კი, ვინც სამუშაო ადგილი ჩინელი კოლეგის სასარგებლოდ დაკარგა მაგრამ, მათთვის ფასების კლებით გამოწვეული რეალური შემოსავლის ეს ზრდა, უმუშევრობის, სტაბილური შემოსავლის არარსებობის, მატერიალური და, შესაბამისად, სოციალური წარუმატებლობისა და შეუმდგარობის ცუდი დამბალანსებელია.

მასაჩუსეტსის, ციურიხისა და სან-დიეგოს უნივერსიტეტების ეკონომიკის პროფესორების დევიდ აუორის, დევიდ დორნისა და გორდონ ჰენსონის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ ჩინეთთან ვაჭრობა არის პასუხისმგებელი მრეწველობის სფეროში დასაქმების 21%-იან კლებაზე 1990 წლიდან 2007-მდე პერიოდში.

მრეწველობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ავტოინდუსტრია (-172,400), ელექტრონიკის ინდუსტრია (-650,500), მსუბუქი მრეწველობა (ტანსაცმლის წარმოება -880,400), ქიმიური ინდუსტრია (-165,600) და სხვა. დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება წარმოების ქვედა რგოლებს ანუ უშუალოდ მუშათა კლასს შეეხო.

თითქოს თვალსა და ხელს შუა სამუშაო ადგილების ჩინეთში გასხლტომა არ იყო საკმარისი, მიგრანტები სამუშაოს ამჯერად მათსავე ქვეყანაში ედავებიან. ხოლო თუ ვერ ართმევენ, საშინელ პირობებში მუშაობაზე თანახმანი, მათი ხელფასის შემცირებას იწვევენ.

მოკლედ, ადგილობრივ ბაზარზე მიგრანტების დასაქმება ამერიკული მუშათა კლასისთვის გლობალიზაციის მიერ გაღვივებულ ცეცხლზე ნავთის დასხმასავით არის, ე.ი. მასზე სპეკულაცია შესაძლებელი და, რაც მთავარია, მომგებიანია.

ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც ჩინეთიდან იმპორტზე 45%-იანი ტარიფის შემოღებას, მექსიკასთან საზღვარზე კი “დიდი და ლამაზი” კედლის აშენებას დაჰპირდათ, მათთვის, რბილად რომ ვთქვათ, მისაღებია. უმუშევრად დარჩენილებს, არ აღელვებთ არც საერთო სარგებელი, რომელსაც გლობალიზაციის შედეგად მსოფლიო ნახულობს და არც, მით უმეტეს, რიკარდოს შედარებითი უპირატესობის თეორიის ლოგიკურობა. ამის გამო მათ ვერც ვერავინ გაკიცხავს.

ბუშისა და ობამას ეკონომიკური მემკვიდრეობა

თითქოს მულტინაციონალური კორპორაციების მიერ დამკვიდრებული ახალი, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მძიმე, სტატუსკვო არ იყო საკმარისი, რიგით ამერიკელს ქვეყნის შიდა ეკონომიკური პრობლემებიც დაატყდა თავს.

აშშ-ის უკანასკნელი ორი პრეზიდენტის მმართველობა ეკონომიკურად წარუმატებელი იყო.

ორივე მათგანის საპრეზიდენტო ვადის დაწყება ეკონომიკურ პრობლემებს დაემთხვა, თითქოს ჯინაზე: 2001, ბუშის მმართველობის პირველ, წელს დაწყებული რეცესიის შედეგები ქვეყანას ჯერ კიდევ ეტყობოდა, 2007 წელს ფინანსურმა კრიზისმა ობამას გაპრეზიდენტებას რომ მოუსწრო და პირველ აფროამერიკელ პრეზიდენტს მყიფე ეკონომიკური ნიადაგი დაახვედრა.

სწორედ ობამას მმართველობისას, 1952 წლიდან მოყოლებული, კვარტალური მშპ-ის ყველაზე მინიმალური ზრდის, 1.78%-იანი, მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამ მხრივ წარმატებით ვერც მისი წინამორბედი, ჯორჯ ბუში, დაიკვეხნის თავისი 1.8%-იანი მაჩვენებლით, მაშინ როცა ჯონ კენედის დროს ქვეყნის ეკონომიკა კვარტალურად 5.5%-ით, ხოლო ბილ კლინტონის თეთრ სახლში ყოფნისას 3.82%-ით იზრდებოდა.

მართალია, ობამას მმართველობის დროს თვიურად შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა (93800), რომელთა დიდ ნაწილს თავად სახელმწიფო ქმნის, და რომლებიც ძირითადად საერთაშორისოდ არაექსპორტირებად სექტორშია, მნიშვნელოვნად აღემატება ბუშის დროინდელ მაჩვენებელს (მხოლოდ და მხოლოდ 21350 სამუშაო ადგილი), მაგრამ გაცილებით ნაკლებია სამუშაო ადგილების იმ რაოდენობაზე (241960), რასაც თავის დროზე აშშ თვიურად პრეზიდენტ კენედის მმართველობისას ქმნიდა.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა ქვეყანას 6-6 ტრილიონი დოლარის რაოდენობით სახელმწიფო ვალი დაუტოვეს.

თუმცა, ობამას ხარჯვითმა პოლიტიკამ ეკონომიკის სტიმულირება ვერ მოახდინა. The Brookings Institution-ის მიერ 2014 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2008 წლიდან მოყოლებული, წლიურად გაკოტრებული ბიზნესების რაოდენობა აღემატება ახლადშექმნილებისას. თუკი 1997 წელს ახლადდაარსებული ბიზნესების რაოდენობა 550000 იყო, ხოლო 2006 წელს 650000-ს მიაღწია, The Kauffman Foundation-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ახლადწამოწყებული ბიზნესების რაოდენობა 2012 წელს ოდნავ აღემატებოდა 400000-ს.

რაც მთავარია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული გაუარესდა მოსახლეობის სოციალური პირობები. როგორც ირკვევა, ამერიკული საშუალო ოჯახის წლიური შემოსავალი (მედიანური შემოსავალი) 1988 წლიდან მოყოლებული ფაქტობრივად არ გაზრდილა და დღესაც $52000-ს უტოლდება. ეს იმ პირობებში, როდესაც შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებელი იზრდება - ანუ იმავე შემოსავლის მქონე საშუალო კლასის პარალელურად, გვყავს მაღალი შემოსავლის მქონე კლასი, რომელიც საერთო ტენდენციის საწინააღმდეგოდ, უფრო მდიდრდება.

$7.25 რაოდენობის მინიმალური ხელფასი, იმ ბანკების, კორპორაციების წარმომადგენლებს, რომელთა სასარგებლოდაც იზრდება შემოსავლებს შორის სხვაობა, კანონის ფარგლებში აძლევს უფლებას, ხსენებულ მინიმუმზე მეტი არ გადაუხადონ პოტენციურ დაქვემდებარებულებს, დასაქმების იმ სფეროებში, რომლებშიც სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა ისედაც ჭარბია.

მაშ, რა გამოდის, დიდი ბიზნესების კიდევ უფრო გაზრდისა და მათი წარმომადგენლების გამდიდრებას შეეწირა მუშათა კლასი? არა, მაგრამ რთული არაა, ასე დაინახო, როდესაც სტაბილური შემოსავალი მცირე ან საერთოდ არ გაქვს, ჭაღარა სათვალიანი კაცი კი, კორპორაციების მბზინავ ოფისებსა და მათი Ceo-ების მართლაც უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე მიგითითებს. მეორე კი, უცნაური ვარცხნილობით - მიგრანტებზე, რომლებიც შენ გარშემო ბევრნი და დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობაზე თანახმანი არიან.

ძალაუფლება ხალხს!

მეტიც, ეკონომიკურად ყველაზე წარმატებული ადამიანები პრეზიდენტობის კანდიდატების კამპანიებს აფინანსებენ.

ლოგიკურია, გაგიჩნდეს შეკითხვა: ვის შეკვეთას ასრულებენ პოლიტიკოსები, დამფინანსებლებისა თუ “ხალხის”? წავლენ კი ისინი ბიზნესის წინააღმდეგ, თუკი დამფინანსებლებისა და ამომრჩევლების სურვილები ერთმანეთის საწინააღმდეგო იქნება? და საერთოდ, აქვს კი მათ ხმას რაიმე მნიშვნელობა ქვეყანაში, რომელსაც ფაქტობრივად “ექსპლუატატორები” მართავენ?

მუშათა კლასის გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის საპირისპიროდ, მაღალი ფენების ეკონომიკური წარმატება, მათი ახლო კავშირი მმართველ წრეებთან - ესეც თქვენი ნიჰილიზმისა და დემოკრატიის უძლურობის შეგრძნების წყარო.

სამაგიეროდ, ორივე კანდიდატი, ტრამპიცა და სანდერსიც,“მდიდრებს” შეზღუდვებს და გადასახადების გაზრდას ჰპირდება (ჯერჯერობით განცხადებების დონეზე, მაგრამ...), მიდის მათ წინააღმდეგ, ვინც გასული წლების განმავლობაში “ქმნიდა” შემოსავლის განაწილების სურათს ქვეყანაში - ანუ თამაშის წესების რადიკალურ ცვლილებას მათ სასარგებლოდ გეგმავს, ვისი ხმაც აქამდე არავის ესმოდა.

და, რაც მთავარია, მათ რეალურად შეუძლიათ, არ გაითვალისწინონ ეკონომიკური ელიტის ინტერესები. ეს იმიტომ, რომ ისინი ნაკლებად არიან დამოკიდებულნი მსხვილ დამფინანსებლებზე, მაგ.: სანდერსმა კამპანიის მიმდინარეობისას $139.8 მილიონის მოზიდვა შეძლო, აქედან PAC-ებიდან მიღებული თანხების წილი მხოლოდ 0.02%-ია, 66% კი, $200 ან ნაკლები რაოდენობის თანხების გადმორიცხვებით შეგროვდა. რაც შეეხება ტრამპს, შეგროვებული $36.6 მილიონიდან 5%-ის წყარო PAC-ია, 21% ერთჯერად $200-იან ან ნაკლებ გადმორიცხვებზე მოდის, ხოლო $21 მილიონი - კანდიდატის თვითდაფინანსების შედეგია.

თავიანთი სისტემასთან მებრძოლი იმიჯით, რომელსაც ზურგს მათი ფინანსური დამოუკიდებლობაც უმაგრებთ, ჩვენი პოპულისტები ყველაზე დაჩაგრულების ხმად და იმედად იქცნენ. იმედად, რომ არჩეული პოლიტიკოსი შეიძლება მათი წარმომადგენელი იყოს და არა ელიტების, და შესაბამისად მათ, როგორც დამკვეთის, ინტერესებს ემსახუროს.

თაობები და სოციალიზმი

ამომრჩევლის ეკონომიკური პრობლემები პოპულიზმის ერთ-ერთი მამოძრავებელია. თუმცა, განსხვავებული თაობის წარმომადგენლებზე განსხვავებულად იმოქმედა: მაგალითად, სანდერსი ახალგაზრდა ამომრჩეველში სხვა კანდიდატებზე მეტად პოპულარულია.

როგორც ზემოთ ვთქვით, “ბერნს” ახალგაზრდა, 18-34 წლის, ამომრჩეველი გრძნობს. სანდერსმა მოახერხა საუნივერსიტეტო კამპუსების პოლიტიკური გამოცოცხლება და საარჩევნო კამპანიაში მათი აქტიურად ჩართვა.

ეს ლოგიკურია, მაშინ როდესაც, ჰარვარდის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდების დაახლოებით 35% მხარს უჭერს სოციალიზმს, ხოლო 15%-ზე მეტი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს მასთან. ცხადია, ეს არ არის უმრავლესობა მაგრამ ახალგაზრდა ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მარტივად რომ ვთქვათ, მარცხნივაა.

პოლიტიკურ იდეოლოგიათა წრფეზე მათ ამ ადგილმდებარეობაზე პასუხისმგებელი, დიდწილად, წინა თავებში აღწერილი ბუშისა და ობამას მმართველობის წლების ეკონომიკური დაღმასვლა გახლავთ.

საქმე ისაა, რომ ამ თაობის ადამიანებს, გარდა იმისა, რომ 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე დაიბადნენ, პიროვნებებად ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე მიღებული საერთო ისტორიული გამოცდილება აერთიანებთ. ცხოვრების ამ ეტაპად სოციალურ ფსიქოლოგიაში გვიანი თინეიჯერობიდან დაწყებულ, დაახლოებით 25 წლამდე პერიოდს მიიჩნევენ. ახალგაზრდა ამერიკელი ამომრჩეველი კი, თავის ამ “მყიფე წლებში” ეკონომიკურ დაღმასვლას შეესწრო, უფრო სწორად, საკუთარ თავზე განიცადა იგი.

როდესაც 2001 წელს, აშშ-ში ეკონომომიკური რეცესია დაიწყო, ამ თაობის პირველმა წარმომადგენლებმა სამუშაო ასაკს მიაღწიეს, 2007 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი კი ისე დაატყდათ თავს, ეკონომიკური სტაბილურობითა თუ აღმასვლით სულის მოთქმის საშუალებაც არ მიეცათ.

2000-დან 2012 წლამდე, საშუალო განათლების მქონე ახალგაზრდათა ხელფასები 13-ით, ხოლო უმაღლესი განათლების მქონეთა 8%-ით შემცირდა.

იმის პარალელურად, რომ თავად რთულად ახერხებენ დოვლათის შექმნას, ახალგაზრდები სულ უფრო მცირე მხარდაჭერას გრძნობენ სახელმწიფოსგან: 2012 წელს სახელმწიფოს მიერ თითოეულ სტუდენტზე გაღებულმა დანახარჯმა 25-წლიან მინიმუმს მიაღწია, მაშინ როდესაც 1989 წლიდან 2010-მდე სტუდენტური ვალის საშუალო სიდიდე გასამმაგდა და $26000 გახდა.

ეს თაობა ცხოვრების ადრეულ წლებში გახდა ეკონომიკური რეგრესის მოწმე, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის და, ზოგადად, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შეზღუდულობის პარალელურად არსებობდა, რამაც, თავის მხრივ, ისედაც გაცვეთილ რესპუბლიკურ “მცირე გადასახადების” თემას სულ დაუკარგა მომხიბვლელობა.

ჰარვარდის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ახალგაზრდების მესამედს მიაჩნია, რომ მათი ხმა უძლურია რამე შეცვალოს. შეგრძნება, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებული ინსტიტუციების ნაცვლად, დიდი კორპორაციების სათავო ოფისებში იღებენ, მათი პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ამიტომ, ისინი სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაზე გავლენის ზრდის წინააღმდეგნი არ არიან, - რაც უნდა იყოს, კონტროლი “დემოსის” ხელშია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის შეზღუდვის, სამსახურების აშშ-ში დაბრუნების და, ზოგადად, სახელმწიფოს როლის ზრდის საჭიროების შესახებ განცხადებებს ტრამპიც აკეთებს, ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის იგი ნაკლებად მისაღებია, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს:

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა ამომრჩეველი უფრო კოსმოპოლიტია, გნებავთ, პროგრესივისტი, ვიდრე ტრადიციონალისტი. ამგვარ დაყოფაში კი, ტრამპი, თავისი ანტისაიმიგრაციო, ჰომოფიბიური და აბორტის საწინააღმდეგო სლოგანებით, ნამდვილად ტრადიციონალისტთა ბანაკში მოხვდება.

მემარჯვენე, ტრამპისეული პოპულიზმი თეთრკანიან, ქრისტიან, ჰეტეროსექსუალ, აშშ-ში დაბადებულ ამერიკელებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისების არმქონეთა წინააღმდეგ რაზმავს. ახალგაზრდა ამომრჩევლებში კი სწორედ ასეთი ადამიანების რაოდენობა იზრდება: ამ თაობის 40% რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, უკვე ნახევარზე ნაკლები ფიქრობს, რომ რელიგია “ძალიან მნიშვნელოვანია” მათ ცხოვრებაში, ხოლო 30 წელს მიუღწეველ ევანგელისტთა დაახლოებით ნახევარი მხარს უჭერს ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინებას. 

ბაზის სითეთრე

თუკი ტრამპმა “თეთრების” მეგაფონის როლი მოირგო და თავისი საარჩევნო კამპანიაც მათ პრობლემებსა და ინტერესებზე აქვს აგებული, სანდერსი აქტიურად უსვამს ხაზს რასობრივი უმცირესობების წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათ კაპიტალიზმის და მასთან დაკავშირებული ყველა “ჭირის” მსხვერპლებად მიიჩნევს. მიუხედავად ამ მხრივ მათ შორის არსებული სხვაობისა, ორივე კანდიდატის ამომრჩეველი უპირატესად თეთრკანიანია.

ტრამპის შემთხვევაში ეს სავსებით ლოგიკურია. შეგნებულად თუ შეუგნებლად, საპრეზიდენტო კამპანიისას მის მიერ გაკეთებული განცხადებები, განხორციელებული ქმედებები თუ უმოქმედობა, პირდაპირ ამ შედეგისკენ იყო მიმართული და მისი ამომრჩეველთა ბაზა დღეს, შესაბამისად, ერთფეროვანია. მაგალითად, ერთხელ დონალდმა განაცხადა, რომ კარიერას ახლა რომ იწყებდეს, მისთვის უფრო კომფორტული იქნებოდა შავკანიანი ყოფილიყო. ამით რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა პოზიტიური მოქმედების პრობლემას გაუსვა ხაზი, აქცენტით, რომ მისი არსებობა რასობრივ უმცირესობებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს უმრავლესობის ინტერესების ხარჯზე, - თავად განსაჯეთ, პოზიტიური მოქმედება სამსახურში აყვანისას ან უნივერსიტეტში მიღებისას მსგავსი მონაცემების მქონე ორი კანდიდატიდან უპირატესობის რასობრივი თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის მინიჭებას გულისხმობს

ტრამპს ნდობა გამოუცხადა კუ კლუქს კლანის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამ ამბავში შავკანიანების გაუცხოების ობიექტური საფუძველი ტრამპის საპასუხო ქმედებებია, - მან ჯერ უარი განაცხადა ამ კონტროვერსიული ადამიანის მხარდაჭერაზე, შემდეგ კი თქვა, რომ არაფერი იცის მასსა და კუ კლუქს კლანთან მის კავშირზე. დაბოლოს, ტრამპმა უარყო შავკანიანთა სპეციფიკური პრობლემების არსებობა, როდესაც მოძრაობა “შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია” სათავისოდ შეცვალა და “ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანიაო”, განაცხადა.

შედეგად, NBC News-ის კვლევის თანახმად, შავკანიანთა 85%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ტრამპის მიმართ.

მსგავსი სურათია აშშ-ის ესპანურენოვან მოსახლეობაში, რაც ასევე ბუნებრივია ტრამპის მიერ მექსიკელი მიგრანტების მიმართ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომლებშიც ისინი კრიმინალისა და ეკონომიკური პრობლემების დიდი ნაწილის წყაროდ გამოაცხადა, ხოლო თავის მხარდამჭერებს, რომლებმაც ესპანურენოვანი უსახლკარო ეთნიკურ ნიადაგზე სცემეს და კიდევ უფრო დასამცირებლად, მასზე მოშარდეს, უბრალოდ ვნებით აღსავსენი უწოდა. ჰოდა, გელაფის გამოკითხვების შედეგიც შესაბამისია - ამერიკაში მცხოვრები ლათინურამერიკელების 77% ტრამპს არასასურველ კანდიდატად ასახელებს.

ტრამპის გამონათქვამების პოპულარობას მის თეთრკანიან ამომრჩეველში, მოსახლეობის, უფრო სწორად, მათი ტრადიციონალისტური ნაწილის, კიდევ ერთ პრობლემამდე მივყავართ - პოლიტკორექტულობამდე.

საქართველოს მოსახლეობის მეტ-ნაკლებად პროგრესულ ნაწილს სიცილად არ ჰყოფნის აიდი ბარათებზე მხეცის ნიშნის ძებნით დაკავებული სასულიერო, სამოქალაქო თუ ოფიციალური პირები. ასეთნი (მათ შორის მეც) ამავე თუ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას ხშირად იყენებენ ზედსართავ “ცივილიზებულს” იმ ქვეყნების განსასაზღვრად, სადაც მსგავსი საკითხები, ანუ “სისულელეები” დღის წესრიგში დიდი ხანია აღარ დგას, როგორც ჩვენს საზომსა და საბოლოო სწორების მიზანს. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა-მიზანი არის აშშ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამერიკა არც New York Times-ია და არც The Washington Post-ი. მაგალითად, გელაფის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 47% კრეაციონისტია, კრეაციონიზმის იმ მნიშვნელობით, რომელიც ევოლუციის პროცესს ღმერთის მონაწილეობითაც კი, არ უშვებს. ამ მონაცემებით ხელში, რთული არ იქნება წარმოვიდგინოთ, მოსახლეობის რა რაოდენობა ეწინააღმდეგება, ვთქვათ, ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინების გაფორმების დაშვებას.

ახლა უფრო ახლოს ტრამპთან - ამ ხალხის ხმა ჩვენამდე არ მოდის. არა, აშშ-ის კონგრესს არც ცენზურა დაუწესებია და არც კონსტიტუციურ პრინციპებს დამუქრებიათ გადახედვის საფრთხე. საზოგადოების ერთი, გავლენიანი ნაწილი იქცა მჩაგვრელად ჩაგრულთა სიტყვიერი შეურაცხყოფისგან დასაცავად. საზოგადოების ეს ნაწილი კულტურულად კოსმოპოლიტურია, ისინი ქმნიან გავლენიან გამოცემებს, აქტიურობენ სოციალურ ქსელებში. და მათ არ მოსწონთ განსხვავებული აზრების მოსმენა. მაგალითად, საკმაოდ კეთილი მიზნით, რომ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს, სოციალური ქსელები შენს “სიძულვილის ენით” დაწერილ სტატუსსა თუ თვითს აუცილებლად წაშლიან, თავიანთი გამოცემებიდან კი (მათ შორის, ზემოთ ჩამოთვლილთაგანაც) გიქადაგებენ, რომ სინამდვილეში ქრისტიანი არ ხარ, რადგან სირიელი მიგრანტების მიღება არ გინდა. უარესიც, პასუხს გაგებინებენ, როგორც, მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატ ტიმ ჰანთს აგებინეს სექსისტური ხუმრობის შემდეგ, რომელშიც იგი ქალი მეცნიერებისთვის ცალკე ლაბორატორიების აშენების იდეით გამოვიდა, და იძულებული გახდა კიდეც, სამსახური დაეტოვებინა ამის გამო. გაბრაზდები, არა?!

აქ ჩნდება ტრამპი, რომელიც იმას ამბობს, რასაც უნდა და არც არავისი ეშინია! დიახ, მას ადანაშაულებენ რასიზმში, სექსიზმში, ჰომოფობიაში, ისლამოფობიაში… ალბათ ყველა ჩამოთვლილი არის კიდევაც, მაგრამ თავისი თანამოაზრეების სათქმელს ხომ ამბობს?

აი, სანდერსი კი, კოსმოპოლიტური, პროგრესივისტული ამერიკის ნაწილია, მაგრამ შავკანიანი დემოკრატები მას ჰილარის არჩევენ და მისი მხარდამჭერთა ბაზაც შესაბამისად ერთფეროვნად თეთრია.

პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ შავკანიანები არ არიან კოსმოპოლიტები. პირიქით, შავკანიანი დემოკრატები თავიანთ თეთრ თანამოაზრეებზე უფრო კონსერვატორები არიან. გელაფის გამოკითხვების შედეგები გვამცნობს, რომ 10-დან 8 შავკანიანი დემოკრატისთვის რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია. და თითქოს დაემთხვაო, სწორედ იმ ეკლესიის პასტორმა, სადაც ჰილარი კლინტონი ბავშვობიდან დადიოდა, “აუხილა მას თვალები” და “ქვეყანაში არსებული რასობრივ თანასწორობასთან არსებული გამოწვევები დაანახა”.

შავკანიანი დემოკრატები თეთრ თანაპარტიელებზე მეტად სკეპტიკურები არიან ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინების და, ზოგადად, ჰომოსექსუალობის საკითხებთან მიმართებით.

და საერთოდ, მემარცხენეებს დიდი ხანია უჭირთ შავკანიანების მხარდაჭერის მოპოვება. მაგალითად 1930-იან წლებში წითელმა ტალღამ ვერ მოახერხა მათი აყოლიება. მარტინ ლუთერ კინგი კი, თავისი მოძრაობის მიზნად ამერიკული ტრადიციული კონსტიტუციური ღირებულებებისთვის ხორცის შესხმას ისახავდა. ასე რომ, სანდერსი შავკანიანების მიერ პირველი იმედგაცრუებული სოციალისტი არაა. ზოგადად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მათთვის მისაღები იყოს რადიკალური, თუნდაც, მემარცხენე იდეები.

გარდა ამისა, მარტივად რომ ვთქვათ, ჰილარი მათ უკეთ იცნობს. მისი ურთიერთობა აშშ-ის ამ აფროამერიკელ საზოგადოებასთან უკვე რამდენიმე დეკადას ითვლის. მან იცის, რა საჭიროებები და პრობლემები აქვთ შავკანიანებს, მაშინ როდესაც ბერნი არარსებულ გეტოებსა და თეთრკანიანებთან შედარებით მათი ცხოვრების პირობების სიმძიმეზე საუბრობს. კლინტონი, უპირველეს ყოვლისა, ალბათ ყველაზე მტკივნეულ, მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ სისტემური რასიზმის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და, როგორც ჩანს, სწორედაც აკეთებს!

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი - კლინტონი ბარაკ ობამას გუნდის წევრია და თავისი თავის იდენტიფიცირებას მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკასთან ახდენს, პრეზიდენტისა, რომლის მუშაობას, გელაფის გამოკითხვების უკანასკნელი, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, შავკანიანების 84% დადებითად აფასებს.

კომენტარები