სტიქია

უხვმა ნალექმა მარტვილის, სენაკისა და აბაშის სოფლები დააზარალა

რუსთავი 2

უხვმა ნალექმა განსაკუთრებით მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მეორე დღეა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ეცნობა. ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისიაც. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია".

რუსთავი 2-ის ცნობით, სენაკის რაიონის სოფელ ახალსოფელში დაახლოებით 2 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰექტრამდე დატბორილი ფართობია დარჩენილი.

გარდა ამისა, უამინდობამ და უხვმა ნალექმა მეწყერული პროცესები გამოიწვია აჭარაში. მეწყერი ჩამოწვა ქობულეთის რაიონის სოფელ აწყვაში. შედეგად მიწის მასამ ერთი მანქანა მოიყოლა. ამ დროისთვის, ორი ოჯახი გახიზნულია საცხოვრებელი ადგილიდან. 

კომენტარები