დიდი და წმიდა კრება 2016

საპატრიარქო: კრეტის კრებაზე დასკვნების გასაკეთებლად ოქმების მიღებას ველოდებით

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, კრეტის კრების შესახებ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, კრების ოქმების მიღებას ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ რადიო თავისუფლების გადაცემა "ინტერVIEW"-ში სტუმრობისას ისაუბრა

მიტროპოლიტ ანდრიას განცხადებამდე, საქართველოს საპატრიარქოს არც ერთ წარმომადგენელს, კრების დახურვის შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

"საუბარი ევქარისტიული კავშირის გაწყვეტაზე, არ შეიძლება. საკითხის ასე დასმა, არ შეიძლება. დღეს საქართველოს ეკლესია ელოდება ამ კრების ოქმებს, რათა გაიცნოს ეს ოქმები, შემდგომ შეისწავლოს, დაამუშავოს და ამის საფუძველზე გამოთქვას თავისი მოსაზრება და გააკეთოს დასკვნები. მანამდე, ჩვენ რაც უნდა ვილაპარაკოთ, ეს იქნება მხოლოდ კერძო აზრი, პიროვნებებისა. არანაირი საუბარი გამოყოფასა და გამიჯვნაზე არ არის.

დოკუმენტები ხდებოდა უკეთესი და უკეთესი სამუშაო ვითარებაში და პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს დოკუმენტები კიდევ უფრო უკეთესი არის, ვიდრე კრებისწინა პერიოდში, იმ შამბეზის ეტაპზეც კი. მე ასე მიმაჩნია. მაგრამ ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ, სანამ არ მივიღებთ ოქმებს, იმ სახით, რა სახითაც ის საბოლოოდ იქნა დამტკიცებული. [ხელმოწერებით, რა თქმა უნდა და პოზიციების დაფიქსირებით]", - აცხადებს მიტროპოლიტი ანდრია.

შეგახსენებთ, რომ კრეტის კრებას 14-დან 10 მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი დაესწრო და მიუხედავად დანარჩენი ეკლესიების [ანტიოქია, რუსეთი, საქართველო, ბულგარეთი] არ ჩასვლისა, განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული 6 დოკუმენტი, ერთი ენციკლიკა და ერთიც კრების გზავნილი, ყველა ეკლესიისთვის საველდებულოა. 

კრების მიერ დამტკიცებული დოკუმენტების ნახვას, ოთხ ენაზე - ინგლისურად, რუსულად, ფრანგულად და ბერძნულად შეძლებთ ოფიციალურ საიტზე.

კომენტარები