საქართველოს ეკონომიკა

საქსტატმა ანგარიში, სადაც 200 მილიონიანი შემცირება იყო გადააკეთა და ზრდით შეცვალა

ტაბულა

საქსტატმა 29 ივნისს 2016 წლის პირველი კვარტლის ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 1.8 მილიარდი ლარის მოცულობის ხელფასები გაიცა, აც წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით (10%-ით) ნაკლები იყო. სახელფასო ფონდის შემცირების მიუხედავად, საქტატმა ამავე პერიოდში გამოაქვეყნა საშუალო ხელფასის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 6.7%-ით გაიზარდა და 913 ლარი გახდა. ეს ორი მონაცემი ერთმანეთთან შეუსაბამო იყო, ამიტომაც სტატისტიკის ბიურომ სახელფასო ფონდის მაჩვენებლები შეცვალა. ცვლილების შედეგად ხელფასების მოცულობა 1.8 მილიარდიდან 2.3 მილიარდამდე გაიზარდა.

საქსტატმა მომხდართან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სტატისტიკის ბიურო უზუსტობის მიზეზად 2016 წლის პირველ იანვარს ძალაში შესული საბიუჯეტო რეფორმას ასახელებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაციის შედეგად, ეროვნულ ანგარიშებში განხორციელდა 2016 წლის პირველი კვარტალის შრომის ანაზღურების მაჩვენებლის დაზუსტება. თავდაპირველად გამოქვეყნებული 1 799,6 მლნ. ლარის ნაცვლად, შრომის ანაზღაურების დაზუსტებულმა მაჩვენებელმა 2 329,2 მლნ. ლარი შეადგინა. ეროვნული ანგარიშების სისტემაში შრომის ანაზღაურების გაანგარიშება ეფუძნება ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციას ფაქტიურად გადახდილი საშემოსავლო გადასახადის შესახებ. ამასთან, 2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა გადასახადების რეფორმა, რომლის შედეგადაც ყველა გადასახადის სახაზინო კოდი გაუქმდა და გადასახადებისთვის შეიქმნა ერთიანი სახაზინო კოდი. აღნიშნული რეფორმის შედეგად დაირღვა შესაბამისობა 2015 წლის იანვარ-მარტის და 2016 წლის იანვარ-მარტის საშემოსავლო გადასახადის საკასო მეთოდით გაანგარიშებულ მონაცემებს შორის. შესაბამისობის აღდგენა მოხერხდა სახაზინო სამსახურთან დამატებითი კონსულტაციების შედეგად, რამაც ასახვა ჰპოვა დაზუსტებულ მაჩვენებელში."- წერია განცხადებაში.
 
საქსტატმა იმისთვის, რათა ეს ცვლილება განეხორციელებინა 0.5 მილიარდი ლარი კომპანიების მოგების მონაცემს დააკლო და ის სახელფასო ფონდში გადაიტანა.

კომენტარები