რუსული იარაღის იმპორტი

რუსეთიდან საქართველოში კალაშნიკოვის ტიპის იარაღის იმპორტი დაწყებულია

kalashnikovconcern.ru

კალაშნიკოვის ბრენდის არასაბრძოლო დანიშნულების მქონე იარაღი ქართულ ბაზარზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კალაშნიკოვის კონცერნის მარკეტინგის დირექტორი ვლადიმირ დმიტრიევი ავრცელებს. მისივე თქმით, უახლოესი 5 წლის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი იარაღის რაოდენობას ეტაპობრივად გაზრდიან.

კალაშნიკოვის ბრენდის არასაბრძოლო იარაღი თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება და ეს კალაშნიკოვის რუსეთის ფარგლებს გარეთ გახსნილი პირველი ბრენდ-ზონაა.

კალაშნიკოვის კონცერნში აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოადგენენ როგორც ტრადიციულ სასროლ იარაღს, ასევე იმ პროდუქციასაც, რომლის წარმოებასაც კალაშნიკოვისა და ბაიკალის ბრენდების სახელით აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ 2006 წლიდან დღემდე კალაშნიკოვის ბრენდის იარაღი საქართველოში აღარ იყიდებოდა.

ტაბულა დაუკავშირდა იმ იარაღის მაღაზიას, რომელშიც კალაშნიკოვის რეალიზაცია უკვე დაწყებულია. დირექტორის თქმით, 2006 წელს იარაღის გაყიდვის შეჩერება რუსეთიდან იმპორტის აკრძალვამ გამოიწვია. მისივე განმარტებით, მაღაზიაში ახალგამოშვებული, ნახევრად-ავტომატური სანადირო ტიპის კალაშნიკოვები იყიდება.

კომენტარები