ირლანდია

ირლანდიის ეკონომიკური ზრდა 2015 წელს რეკორდულად მაღალი - 26.3% იყო

0 კომენტარი
დუბლინი ფოტო: Reuters

2015 წელს ირლანდიაში 26.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო, ეს რიცხვი ევროკავშირში რეკორდულია. ირლანდიის სტატისტიკის ბიურომ ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული მაჩვენებლები 12 ივლისს გამოაქვეყნა, წლის დასაწყისში გაკეთებული კალკულაციის მიხედვით კი 2015 წლის ეკონომიკური ზრდა გაცილებით დაბალი - 7.8% იყო. თავდაპირველ და დაზუსტებულ რიცხვებს შორის სხვაობა ირლანდიაში არსებული საერთაშორისო კომპანიების შემოსავლების დაზუსტებამ გამოიწვია.

რეკორდული ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირლანდიური საავიაციო ლიზინგის ინდუსტრიაა. გამარტივებული პროცედურების და მოქნილი საგადასახადო სისტემის გამო ირლანდიას თვითმფრინავების ლიზინგისთვის მრავალი საერთაშორისო კომპანია იყენებს. მსოფლიოს 10 უმსხვილესი ლიზინგის კომპანიიდან ცხრას სათავო ოფისი ირლანდიაში აქვს. 2015 წელს კი ამ კომპანიებმა განსაკუთრებით მსხვილი გარიგებები დადეს.

ირლანდიას მრავალი საერთაშორისო კომპანია ევროკავშირის ბაზრის ცენტრალურ ოფისად იყენებს, რადგანაც ეს ქვეყანა, ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებით, ბიზნესს გაცილებით უფრო მოხერხებულ საგადასახადო სისტემას სთავაზობს. ირლანდიაში ევროპის ცენტრალურ ოფისს Google-იც ფლობს.

2015 წლის მანძილზე ირლანდიის ექსპორტი 102%-ით გაიზარდა, პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა კი 9.9% იყო. ყველაზე მაღალი 87%-იანი ზრდა ინდუსტრიის სექტორში ფიქსირდება. 4.5-მილიონიანი ირლანდიის მშპ 2014 წელს €193 მილიარდი იყო, 2015 წელს კი €243 მილიარდი გახდა.

2015 წელს არსებული რეკორდული ზრდის მიუხედავად, 2016 წელი ირლანდიაში ეკონომიკის შემცირებით დაიწყო. პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები