ბიძინა ივანიშვილის როლი

ჩუგოშვილი: მუშაობის პროცესში არაფორმალური მმართველობა არ მიგრძვნია

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს ახალი წევრი თამარ ჩუგოშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილია და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "არაფორმალური მმართველობა" არ უგრძვნია.

"ვხედავ, რომ იმ პარტიის ლიდერი, რომელშიც გაერთიანება გადავწყვიტე, არის საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მასთან მქონდა საუბარი ყველა თემასთან დაკავშირებით და ყოველდღიურ მუშაობაშიც ძალიან კარგად ვხედავ ამას. არანაირი განცდა, რომ რაიმე ჩრდილოვანი ფორმით პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ერევა, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ არ მაქვს.

ივანიშვილმა 2012 წელს შეძლო შეუძლებელის გაკეთება - ჩამოაყალიბა ის გუნდი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას და, შესაბამისად, მის აზრს და მის პოზიციას რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობისა და სხვა ადამიანებისთვის, ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ის არის ადამიანი, რომელმაც დღეს შექმნა მმართველი პოლიტიკური გუნდი და, რა თქმა უნდა, მას სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურად აქტიური იყოს იმ გუნდის მხარდაჭერაში, რომელიც მან შექმნა. არ მაქვს განცდა ნამდვილად, რომ სხვა ფორმით ჩარევა არსებობს. ბევრი ვიღაც ბევრ რამეზე საუბრობს და აქედან დიდი ნაწილი არასერიოზული არის ხოლმე. არანაირი არაფორმალური მმართველობა არ მიგრძვნია ჩემი უშუალო საქმიანობის პროცესში", - თქვა ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილი ქართული ოცნების წევრად დღეს წარადგინეს.

კომენტარები