ტერაქტი ნიცაში

სონღულაშვილი: ნიცაში ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დაგვიხოცეს ახლობლები

მალხაზ სონღულაშვილი
ტაბულა/გადაცემა ”საუბარი რელიგიაზე”

ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩს საქართველოში სამძიმრის წერილს უგზავნის. მისი თქმით, "ნიცაში ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ დაგვიხოცეს ახლობლები".

"იმათი მიზანი, ვინც გეგმავს და ახორციელებს ტერორისტულ აქტებს, სრულებით გასაგებია: მათ სურთ, საყოვეთაო შიში დათესონ და დაუოკებელი მტრობის ცეცხლი დაანთონ ამ ჩვენს პატარა პლანეტაზე, რომელიც ისედაც დანაწევრებული და დაძაბულია. ისინი არავის ინდობენ: ქალებს, ბავშვებს მოხუცებს...

ის რაც ნიცაში მოხდა, მარტო ფრანგებზე თავდასხმა არ არის. ეს არის მთელ კაცობრიობაზე თავდასხმა. ნიცას გარდა მთელ ჩვენს ცივილზაციას თავს ესხმიან არა მარტო პარიზში, ნიუ იორკში, ორლანდოში, არამედ ქაბულში, ისლამაბადში, ბაღდადში, მოსულში. ჩვენ თავს გვესხმიან ყველას: ქრისტიანებს, მუსლიმებს, ეზიდებს.

აქ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ვინც ღმერთის სახელით ადამიანის სიცოცხლეს ხელყოფენ, თავადაც მხვერპლები არიან იდეოლოგიური გონების გამორეცხვისა და ფსევდო-რელიგიური სიბეცისა.

ამიტომ ყველას ერთად გვმართებს იმ ადამიანების გლოვა, ვინც ტერორიზმის მსხვერპლი ხდებიან. და ასევე იმ ადამიანების თანაგრძნობა, ვინც უახლოესი ადამიანები დაკარგეს.

თქვენო აღმატებულებავ, დღეს ჩვენ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და, თქვენი სახით, მთელ ფრანგ ხალხს, ყველა კეთილი ნების ადამიანს. ნიცაში ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ გვესროლეს, კიდევ ერთხელ დაგვიხოცეს ახლობები და კიდევ ერთხელ მოგვკლეს" - წერია მშვიდობის საკათედრო ტაძრის ეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის სამძიმრის წერილში. 

ცნობისთვის, ნიცაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა, 18 ადამიანი კი კრიტიკული მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

14 ივლისს ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა. იყო სროლაც. ტერაქტი ნიცის სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი პოლიციის მიერაა ლიკვიდირებული.

კომენტარები