გადატრიალების მცდელობა თურქეთში

აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტი: ერდოღანმა უარი უნდა თქვას ავტორიტარულ რეჟიმზე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადებაში კომიტეტის თავმჯდომარე ედ როისი აღნიშნავს, რომ ერდოღანმა მომხდარს დემოკრატიის, პლურალიზმისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით უნდა უპასუხოს. თუმცა ის შიშობს, რომ თურქეთის პრეზიდენტი სხვა გზას აირჩევს.

"თურქეთის თავდაცვის ძალებმა და ხალხმა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება გადაარჩინა. ახლა კი, ერდოღანის ჯერია, რომ შეასრულოს თავისი როლი და უარი თქვას ავტორიტარულ რეჟიმზე. ერდოღანის მთავრობის მიერ ოპოზიციის საქმიანობის, თავისუფალი მედიისა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვამ ბოლო წლების განმავლობაში, ზიანი მიაყენა თურქულ დემოკრატიას. ეს გადამწყვეტი მომენტია თურქეთისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომხდარს პრეზიდენტი ერდოღანი დემოკრატიის, პლურალიზმისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებით უპასუხებს და ამერიკას ექნება საშუალება, იყოს ნამდვილი მეგობარი, ამ იდეალების მხარდაჭერით. თუმცა ვშიშობ, რომ თურქეთის პრეზიდენტი საწინააღმდეგო მიმართულებას აირჩევს", - აღნიშნავს როისი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთის ხელისუფლებამ 6 000 ადამიანი დააკავა. იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის თქმით, ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

ამასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაღალი რანგის სამხედროები და 2 700 მოსამართლე.

გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 265 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები