კრიმინალი

ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1949 წელს დაბადებულმა ბონდო ო-მ, 1956 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ვერა ა-მ. და 1951 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა თამაზ გ-მ წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან დევნილი ქალი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე, თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ.

"ისინი დაპირდნენ, რომ შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში" ბინის მიღებაში დახმარება. ამის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინასწარ 7 000 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, ბონდო ო.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, 7000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით).

კომენტარები