სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

კერი: NATO აქტიურად დააკვირდება თურქეთის ქმედებებს

truthrevolt.org

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, NATO აქტიურად დააკვირდება თურქეთის ქმედებებს. კერის თქმით, ის ესაუბრა თურქეთის საგარეო მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს, რომელმაც აღნიშნა, რომ თურქეთი პატივს სცემს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. 

"NATO-ს მოთხოვნებს შორისაა დემოკრატიის პატივისცემა. თურქეთში ძალიან ბევრი ადამიანი დააპატიმრეს და დააპატიმრეს ძალიან სწრაფად. დაკვირვებისა და სიფხიზლის დონე ძალიან მაღალი იქნება ამ დღეებში. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ მუშაობას", - თქვა კერიმ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ თურქეთს მოუწოდა, აჯანყებულები სიკვდილით არ დასაჯოს. მისივე თქმით, ევროგაერთიანებაში იმ ქვეყნის ადგილი არაა, რომელსაც სიკვდილით დასჯა დაკანონებული აქვს.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმაც თურქეთის ხელისუფლებას შეახსენა, რომ ევროსაბჭოს წევრ არცერთ ქვეყანას სიკვდილით დასჯის გამოყენების უფლება არ აქვს.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარ იოჰანეს ჰანის თქმით კი, არსებობს ეჭვი, რომ სიები, რომლის მიხედვითაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა დაკავება მიმდინარეობს, წინასწარ იყო შედგენილი.

ცნობისთვის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 16 ივლისს საკუთარ მხარდამჭერებს, რომლებიც აჯანყებულების სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ, განუცხადა, რომ თურქეთის პარლამენტი გადახედავდა აღნიშნულ პრაქტიკას, რომელიც 2004 წელს აკრძალა.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთმა 6 000 ადამიანი დააკავა. ამასთან, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მაღალი რანგის სამხედროები და 2 700 მოსამართლე. გადატრიალების მცდელობას 265 ადამიანი ემსხვერპლა.

[მასალა მომზადებულია გამოცემა Washington Post-ის მიხედვით. ინფორმაცია, რომ NATO-ში თურქეთის წევრობას საფრთხე ემუქრებოდა, გამოცემამ ჩაასწორა.]

კომენტარები