თურქეთი

ევროკომისარი: თურქეთი უვიზო რეჟიმს წელს ვერ მიიღებს

Getty Images

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერის აზრით, თურქეთი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას წელს ვერ მიიღებს. მისი თქმით, ვარაუდის მიზეზი თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის მთავრობის მიერ გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილების სასტიკი დასჯის მეთოდებია.

"თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროპარლამენტში კანონპროექტი განიხილება, თუმცა, ჩემი პროგნოზით, თურქეთი უვიზო რეჟიმს წელს ვერ მიიღებს. ერდოღანი დათმობაზე უნდა წავიდეს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ვერ ვიტყვით, რომ ის ახლა ასე იქცევა", - აღნიშნა ოტინგერმა.

ევროკომისარისვე თქმით, თურქეთის მთავრობა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასაც ზღუდავს.

სიკვდილით დასჯის აღდგენაზე ლაპარაკი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ დაიწყო. გავრცელებული ცნობებით, მმართველი პარტიის დეპუტატები მსჯელობენ, შეიტანონ თუ არა პარლამენტში განსახილველად დოკუმენტი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 290 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები