საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოს ტელევიზია: თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, იგი ემსგავსება ცხოველს

საპატრიარქოს ტელევიზია

საქართველოს საპატრიარქოს ტელეარხ ერთსულოვნების ეთერში გადის ვიდეომიმართვა, რომელშიც იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, ცხოველებს ადარებენ.

"სარგებელი - ეკლესიაში ყოფნა ადამიანად ყოფნაა, მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც არ დადიან ტაძარში? ნუთუ ისინი ადამიანები არ არიან, თუ მათ არა აქვს ფეხები, ყურები, თვალები? ჩემო მეგობარო, თვალები, ფეხები და სხვა ორგანოები ცხოველებსაც აქვთ და თანაც უფრო დიდი ზომისა, მაგრამ ამის გამო ისინი არ არიან ადამიანები. ადამიანი ცხოველისგან განირჩევა არა მარტო გარეგნობით, არამედ ღვთისაგან ბოძებული აზროვნებითაც, რის ერთ-ერთ გამოვლინებასაც ეკლესიურობაც წარმოადგენს. თუ ადამიანი არ დადის ეკლესიაში, ნუ მიწყენთ და, იგი ემსგავსება ცხოველს. თვითონ დაფიქრდით, მთელი კვირის განმავლობაში, იგი როგორც ცხოველი მუდმივად დაკავებულია საკვების მოპოვებით. მუშაობს, რომ გამოკვებოს საკუთარი თავიც და ოჯახიც. მას სძინავს, სძინავს მხეცსაც. ის ჭამს, ჭამს პირუტყვიც. ისვენებს, დასვენება სჭირდება ოთხფეხასაც. მაშ, რა განსხვავებაა? განსხვავება ჩანს კვირა დღეს. ადამიანი მიდის ტაძარში და იქ წარდგება ღვთის წინაშე, რასაც ცხოველი არ აკეთებს. ვინც არ დადის ეკლესიაში, ივიწყებს, რომ ადამიანია და ეშვება ცხოველური ცხოვრების წესამდე, ველურდება და მხეცად იქცევა. ის შეიძლება ჰალსტუხსაც ატარებდეს, დადიოდეს სუფთად, გაპარსული, მაგრამ მისი გული მხეცის გულია", - ისმის ვიდეორგოლში.

ვიდეომიმართვა ნაწილია ვიდეოების სერიისა - "რატომ არ ვარ ეკლესიაში?". საპატრიარქოს ტელევიზია ამ ვიდეოებით მსმენელს ეკლესიაში სიარულისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის 2013 წლის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% რელიგიურ მსახურებას თვეში ერთხელაც არ ესწრება.

საპატრიარქოს ტელევიზია 2016 წლის ბიუჯეტით სახელმწიფოსგან 800 ათასი ლარის დაფინანსებას იღებს. 

კომენტარები