ვანო მერაბიშვილის განცხადება

მერაბიშვილი: საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდი, კრიტიკა უფრო მეტად უნდა მიმეღო

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი თავის განცხადებაში დაშვებულ შეცდომებზეც საუბრობს. მერაბიშვილის თქმით, მისი საქმიანობის დიდი ნაწილი შეცდომები იყო, რადგან "როცა ახალს აკეთებ, წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია". ამის მიუხედავად, შს ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ უფრო მეტი მოეთხოვებოდა და მეტის გაკეთების საშუალება ჰქონდა. მისი განცხადებით, მეტი ყურადღება უნდა მიექცია საზოგადოების ობიექტური კრიტიკისთვის.

"დაშვებული შეცდომების ჩამოთვლას და მათ შეფასებას რამდენიმე გვერდი დასჭირდება. უფრო მეტიც, ჩემი საქმიანობის უფრო მეტი ნაწილი სწორედ შეცდომები იყო, რადგან რასაც მე ვაკეთებდი, ეს ყველაფერი სიახლე იყო და არ არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მაგალითები და გამოცდილება, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მიმეღო გადაწყვეტილებები. ჩემი საქმიანობა უფრო კონსტრუქტორის საქმიანობას ჰგავდა, ვიდრე ხელოსნის, რომელსაც მზა ნახაზები და თვალსაჩინო მაკეტი აქვს. როცა ახალს აკეთებ, წინასწარ ყველაფრის გათვლა შეუძლებელია. ვიღაცა ყოველთვის პირველად იწყებს, რათა შემდეგ მისი გამოცდილება სხვისთვის მაგალითი იყოს. მე ვიცოდი, რომ ყველა სიახლე კრიტიკის ობიექტი ხდება. ეს არჩევანი შეგნებულად გავაკეთე და ერთი წუთითაც არ ვთვლი, რომ სხვა გზა უნდა ამერჩია. არსებობს გამოთქმა, რომ ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს. მე არ მქონია ამ ფუფუნების საშუალება, რომ სხვის შეცდომებზე მესწავლა, რადგან არ მქონდა მსგავსი გამოცდილების მაგალითი და სწორედ საკუთარ შეცდომებზე სწავლა მიწევდა" - წერია მერაბიშვილის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ არ ჰქონდა უფლება, თავისი შეცდომებით საფრთხის წინაშე დაეყენებინა ქვეყნის განვითარება.

"ვთვლი, რომ უფრო მეტი მომეთხოვებოდა და მეტის გაკეთების საშუალება მქონდა. მეტი ყურადღება უნდა მიმექცია საზოგადოების მხრიდან ობიექტური კრიტიკისთვის. ბევრი ჩვენი კრიტიკოსი არ იყო რუსული პროპაგანდის ან კრიმინალური სამყაროს ინტერესების წარმომადგენელი. მათი დიდი ნაწილი საქართველოს პატრიოტი იყო და მათაც ჩვენსავით უნდოდათ განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს შენება. მათი კრიტიკის გათვალისწინება, მათთან აქტიური თანამშრომლობა, ჩვენი საერთო საქმის და ქვეყნის შემდგომ განვითარებას შეუწყობდა ხელს. დღევანდელი ხელისუფლების რამდენიმეწლიანმა საქმიანობამ დიდი გაკვეთილი მომცა. ზუსტად ვიცი, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მსგავსი არავინ არასოდეს უნდა გააკეთოს და შესაბამისად არც მე ვაპირებ ჩემი და მათი შეცდომების გამეორებას. დღეს საზოგადოებას აქვს საშუალება, როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური გამოცდილების შეფასების. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს" - ნათქვამია მერაბიშვილის წერილში.

კომენტარები