პრორუსული ძალები

პრეზიდენტი: ხელისუფლება პრორუსულ მედიას არ აფინანსებს, ვერ ვხედავ წახალისებას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება პრორუსულ მედიას არ აფინანსებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა რუსთავი ორის გადაცემა არჩევანში განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას მედიის განვითარების ფონდის კვლევა შეახსენა, თუმცა, პრეზიდენტი ეჭვობს, რომ გიორგი გაბუნიას სწორი ინფორმაცია არ აქვს.

"მე ვერ ვხედავ [ხელისუფლების მხრიდან] წახალისებას. მე ეჭვი მეპარება, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია, რომ ხელისუფლება მსგავს არხებს აფინანსებდეს. მე ასეთი მტკიცებულება არ მინახავს", - ამბობს მარგველაშვილი.

თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ მედიასა და პოლიტიკაში ანტიევროპული ნარატივი ბევრად უფრო აქტიურად გაჩნდა. გიორგი მარგველაშვილი ამას "მეტ თავისუფლებას" უკავშირებს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს, მეტი მეთოდი იყო ანტიდასავლელების გაჩერების.

"ამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და კარგია, რომ არ გააკეთა, რადგან ეს არის დემოკრატია", - ამბობს მარგველაშვილი. 

მედიის განვითარების ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობის ცალკეული უწყებები 2015 წელსაც აგრძელებდნენ ისეთ მედიებთან სერვისკონტრაქტების გაფორმებას, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქსენოფობიას, ჰომოფობიას და ანტიდასავლურ განწყობებს ეფუძნება. ესენია მედიაკავშირი ობიექტივი, გაზეთები "საქართველოს რესპუბლიკა", "ალია", "კვირის ქრონიკა" და "ასავალ-დასავალი". ამ კატეგორიაში დამატებით ორი ახალი ონლაინგამოცემა - Newspress.ge და ექსკლუზივ-ნიუსი მოხვდა. მედიის განვითარების ფონდი აღნიშნავს, რომ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას Newspress.ge ირიბად, რუსულენოვანი პროპაგანდისტული პლატფორმების, მათ შორის, სპუტნიკ-საქართველოს ტირაჟირების გზით ახდენს. მან 2015 წელს ბიუჯეტიდან 23 371 ლარის დაფინანსება მიიღო, ხოლო 2016 წელს - 28 941 ლარი.

2015 წელს ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა მიიღო საქართველოს რესპუბლიკამ (85 916 ლარი). მეორე ადგილს ობიექტივი (ეტალონი) იკავებს - 68 616 ლარი. მათ მოსდევს ალია და კვირის ქრონიკა - 21 816 ლარი, Newspress.ge - 23 371 ლარი, ექსკლუზივნიუსი 4 730 ლარი და ასავალ-დასავალი - 2 500 ლარი.
 

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 7 ივლისს მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც 2013-2014 წლებში იმ მედიასთან სერვისკონტრაქტების გაფორმების მიზანშოწონილობას ეხებოდა, რომელთა სარედაქციო პოლიტიკის შემადგენელი სიძულვილის ენის და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა. MDF-ის კვლევის მიგნებები აისახა ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში საქართველოს შესახებ.

"კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კონტრაქტებს მსგავსი ტიპის მედიასთან. კერძოდ: "ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გადახედოს მის კონტრაქტებს მედიასთან და გააუქმოს, ან განაახლოს ისინი, თუ მედია შეიმჩნევა რასისტულ ან ჰომო/ტრანსფობიულ სიძულვილის ენის გამოვლენაში. ხელისუფლებამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალი კონტრაქტები შეიცავდნენ დათქმას კონტრაქტის გაუქმების შესახებ, თუკი მედიაში გამოვლინდება რასისტული ან ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენა", - წერს მედიის განვითარების ფონდი და აღნიშნავს, რომ ეს რეკომენდაცია მედიასთან გაფორმებულ კონტრაქტებში არ ასახულა. 

კომენტარები