რუსული ბაზარი

ზურაბ აბაშიძე რუსეთისგან ემბარგოს დაწესებას არ ელის

ზურაბ აბაშიძე
ტაბულა

რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს შესაძლო დაწესებას არ ელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მისი თქმით, სევასტოპოლისა და ყირიმის ანექსიის გამო სანქციები 2014 წელს დაწესდა და წელს, უბრალოდ, გახანგრძლივდა.

"არ მგონია, არ მაქვს ასეთი მოლოდინი. ეს გადაწყვეტილება არ არის. ეს დუმის ერთ-ერთი კომიტეტის თუ წევრის ინიციატივაა. შევიტყობთ, რა გაგრძელება მოჰყვება ამას.

ახალი რამ არ მომხდარა. ახალ რეალობასთან საქმე არ გვაქვს. ეს ჯერ კიდევ 2014 წელს მოხდა. ეს მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმს არ ეხება, ჩვენც ანალოგიური ვითარება გვაქვს ცხინვალსა და აფხაზეთში. ამიტომ, საქართველო ამ საკითხს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდება", - თქვა აბაშიძემ.

ემბარგოს შესაძლო დაწესების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შესაბამის ინიციატივას რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი მოამზადებს. კომიტეტის წევრ იან ზელინსკის თქმით, "საპასუხო ნაბიჯი" სანქციების დამწესებელ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსაც შეეხება. საქართველოს შემთხვევაში, საუბარი იქნება ღვინის და ბორჯომის აკრძალვაზე.

კომენტარები