საკონსტიტუციო სასამართლო

პაპუაშვილი: საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდისა და დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.

"მოსამართლეებს აშანტაჟებენ, რომ მათი ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების კომერციულ საქმიანობას შეავიწროებენ, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით. ასევე, ემუქრებიან პირადი ხასიათის, ძირითადად ფალსიფიცირებული ინფორმაციის გასაჯაროებით. ყველა ეს ფაქტი უკავშირდება მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებს, რომლებიც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - ამბობს პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, დღეს უფრო დეტალური ინფორმაციისგან თავს შეიკავებს, რადგან ზოგ შემთხვევაში, საქმე ეხება მოსამართლეების პირად ინფორმაციას. მისივე თქმით, დღევანდელი საჯარო განცხადების მთავარი ამოცანა პრევენციაა.

"უნდა აღვკვეთოთ ეს საგანგაშო ფაქტები, რასაც ადგილი აქვს, რომ სასამართლოს შეეძლოს, ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს თავისი საქმიანობა და გადაწყვეტილებები მიიღოს მხოლოდ კონსტიტუციის, კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზე და არა ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე. ეს მნიშვნელოვანი საკითხია არა მარტო სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მზად ვარ, უფრო დეტალურად ამ საკითხებზე ვისაუბრო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან", - თქვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ზეწოლის ფაქტები რუსთავი ორის საქმეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს, რომ "არ მინდა, რომელიმე კონკრეტული საქმე ვახსენო, რათა ისედაც დაძაბული ვითარება უფრო არ დაიძაბოს. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ პიროვნებებთან, ვისაც ეს ეხება, ამ საქმეებსაც და ფაქტებსაც უფრო დეტალურად განვიხილავ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და რუსთავი ორთან დაკავშირებული საქმეები განიხილება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები